20 ოქტომბერი 2019,   05:54
ვრცლად
ბიუჯეტიდან გამქრალი 66 მილიონი ლარი და შეუსრულებელი პროექტები -"ოცნება" აუდიტის სამსახურის საგანგაშო ანგარიშით არ დაინტერსებულა

66 მლნ ლარი - ეს არის ის თანხა ბიუჯეტიდან, რომელიც გასული წლის განმავლობაში უგზო უკვლოდ და ყოველგვარი შედეგის გარეშე დაიკარგა. ხალხის ჯიბიდან გაფლანგული მილიონები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაითვალა და პარლამენტს საგანგაშო ანგარიში გადაუგზავნა.

სხვადასხვა პროექტი,  რომლის დაფინანსებითაც ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო, ან  არ დაწყებულა, ან დაიწყო და ისე დასრულდა, რომ მისი შედეგი არავის უნახავს. მათ შორის არის სოფელ პატარა ჩაილური, სადაც სასმელ წყალს დღესაც ტყუილად ელოდებიან.  

სოფელში წყალმომარაგების პრობლემა ჯერ კიდევ 3 წლის წინ უნდა მოგვარებულიყო, ამისთვის ბიუჯეტიდან 152 000 ლარი დახარჯეს. აშენდა ახალი წყალშემკრები და საქაჩი სადგური. თუმცა, ვერც გამგეობამ, ვერც დამპროექტებლებმა და ვერც მშენებელმა ვერ გათვალეს, რომ რეზერვუარს მაღალი ძაბვის ქვესადგური დასჭირდებოდა. შესაბამისად, 300 კომლიანი სოფელი ახლა მხოლოდ მცირე საცავების იმედადაა, რომლებიც ზაფხულში ზოგჯერ კვირების განმავლობაში დამშრალია ხოლმე.

ათობით ათასი ლარი დაიხარჯა მზისგულის რიტუალების დარბაზის მშენებლობისთვის. დღემდე შენობა დაუსრულებელია. სამი წლის განმავლობაში მშენებლებმა მხოლოდ კარ-ფანჯარა ჩასვეს და შენობა გადახურეს. მშენებლობის დასასრულებლად გამგეობას ფული აღარ ეყო.

საგარეჯოს ამ ორი სოფლის გარდა, მსგავსი პრობლემას აუდიტის სამსახური თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში წააწყდა. უგზოუკვლოდ დაკარგული 66 მილიონის ბედით "ქართული ოცნება" არ დაინტერესებულა.

ავტორი: მიშა სესიაშვილი.

დღის ამბები