18 აპრილი 2024,   15:37
ვრცლად
თავდასხმა ჟურნალისტზე - qartli.ge-ის რედაქტორმა ის პოლიციელები ამოიცნო, რომლებსაც ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში გამოკითხვაზე იმყოფება. Qartli.ge-ის რედაქტორი სამართალდამცველებს თავდასხმაში და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. როგორც წიწიკაშვილი ამბობს, მას პოლიცილები თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გადაღებას ცდილობდა. მისი თქმით, პოლიციელების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის ფაქტი კამერამაც დააფიქსირა.  

საბა წიწიკაშვილი კონკრეტულ გვარებს ასახელებს. ის ამბობს, რომ მას ფიზიკურად პოლიციელები ალექსანდრე ოხანაშვილი და რამაზ გრიგალაშვილი გაუსწორდნენ.

„წარმოდგენილი მაქვს მე ვიდეომასალა, რომელიც ჩაწერილია ღამით, ავტობანზე. პოლიციის თანამშრომლები ახორციელებენ ჟურნალისტურ საქმიანობაზე ხელშეშლას. აქ ასახულია საუბრები, ვიდეოც. პიროვნებები იდენტიფიცირებულია. მოისმენენ იმ ქმედებას რა ქმედებაც ჩაიდინა პოლიციამ ჟურნალისტის წინაშე. ჩვენი მიზანია, რომ დაისაჯონ ეს პოლიციელები ამ ქმედებების გამო. რატომ ჰქონდათ გარანტია იმისა, რომ ხელშეუხებლები იქნებოდნენ. ამის გამო ვითხოვთ, რომ დაისაჯონ ალექსანდრე ოხანაშვილი და რამაზ გრიგალაშვილი,“ - განაცხადა საბა წიწიკაშვილმა.

საბა წიწიკაშვილი გენინსპექციაში ადვოკატთან ერთად მივიდა. ალექსანდრე მერებაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ორი პოლიციელი ამოიცნო. თუმცა ინციდენტში კიდევ 10-მდე სამართალდამცველი მონაწილეობდა, რომელთა იდენტიფიცირებასაც ადვოკატი ითხოვს.

„ორი პირი ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ძალადობაში და ასევე ხელშეშლაში საბა წიწიკაშვილის მიერ უკვე ამოცნობილი არის და მოვითხოვთ, ასევე დადგინდეს დანარჩენი 10 პოლიციელიც, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ხელშეშლის ფაქტში,“ - განაცხადა ალექსანდრე მერებაშვილმა.

რაც შეეხება მაგისტრალზე მომხდარ ავარიას, რის გადაღებასაც Qartli.ge-ის ჟურნალისტი ცდილობდა, როგორც ცნობილია, სამართალდამცავების კუთვნილი ავტომანქანა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა არასრულწლოვანმა გაიტაცა. მოზარდი დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავარიაში მოჰყვა. მოზარდი სამართალდამცავებმა გორში დააკავეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები