25 აპრილი 2024,   20:37
ვრცლად
ოქრუაშვილს დაპატიმრებით ემუქრებიან - ექსმინისტრი თანაგუნდელებთან ერთად კი პოლიტიკური დუელის სამიზნედ ივანიშვილს ასახელებს

ირაკლი ოქრუაშვილს დაპატიმრებით ემუქრებიან. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ახალი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაციაზე მოულოდნელად ბუტა რობაქიძის მამა მივიდა. სოსო რობაქიძე აანონსებს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე მაშინდელ მინისტრს პასუხისგება მოუწევს. ოქრუაშვილი ამბობს, რომ ამ მუქარაზე ეღიმება, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის საპასუხო ნაბიჯი იყოს. თუმცა დარწმუნებულია, რომ მისი დაკავება წინა შემთხვევის მსგავსად ხელისუფლებას ძვირად დაუჯდება.

ირაკლი ოქრუაშვილი და სოსო რობაქიძე დღეს ერთმანეთს არ შეხვედრიან. ბუტა რობაქიძის მამამ შენობა პრეზენტაციამდე დატოვა. "გამარჯვებული საქართველოს" საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ახალი მოძრაობის დაწყება და პოლიტიკური დუელის მთავარი სამიზნე დააანონსეს.

ირაკლი ოქრუაშვილის გვერდით სრულიად განსხვავებული პოლიტიკური წარსულის, გემოვნების და შეხედულებების მქონე პოლიტიკოსები იდგნენ. მათ შორის ისეთებიც, ვინც პოლიტიკურ აქტიურობას წლების წინ დაემშვიდობა. ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ 13-წლიანი პაუზის შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნება ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელისუფლების სრულად დამორჩილების მცდელობამ აიძულა.

სწორედ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ერთიანდებიან ერთმანეთის ყოფილი ოპონენტები და ამბობენ, რომ ეს არის გზავნილი იმ ადამიანებისთვის, ვინც პოლიტიკური წარსულის ტყვეობიდან გათავისუფლებას ისევ ვერ ახერხებს.

ათონელის 25-ში ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი პარტიის კარი ახალი თანამოაზრეების და ახალი პოლიტიკური პარტნიორებისთვის უკვე ღიაა. აქ ელოდებიან ყველას, მათ შორის "ქართული ოცნების" იმ წევრებს, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას გადაწყვეტს.

"გამარჯვებული საქართველოს" საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ რამდენიმე თვეში მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება. ორ კვირაში მოძრაობის წევრები მოსახლეობასთან და პარტიებთან შეხვედრებს იწყებენ, პოლიტიკურ პარტნიორებს კი ოქტომბრის ბოლოს ყრილობაზე დაასახელებენ, როცა მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდება.

 

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები