20 აპრილი 2024,   14:46
ვრცლად
"არა წამებას! პატიმრებს უნდა ჰქონდეთ მკურნალობის უფლება" - გამაფრთხილებელი აქცია მერვე პენიტენციურ დაწესებულებასთან

"არა წამებას! პატიმრებს უნდა ჰქონდეთ მკურნალობის უფლება" - ჟურნალისტმა ზაზა სვანაძემ, რომელმაც დაწესებულება რამდენიმე დღის წინ გირაოს სანაცვლოდ დატოვა, პენიტენციურ დაწესებულებასთან გამაფრთხილებელი აქცია გამართა. ამ ფორმით მან უწყებაში არსებული ვითარება გააპროტესტა.

სვანაძის მტკიცებით, დაწესებულებაში მედპერსონალის არასაკმარისი რაოდენობაა, ხოლო აფთიაქში მედიკამენტების დეფიციტია, რის გამოც პატიმრებს გაუსაძლისი ტკივილების ატანა უწევთ. აქციის მონაწილეები სპეციალური კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან.

„სამი ათას მსჯავრდებულზე მოდის სულ რაღაც 7 თუ 8 ექიმი. ექიმები ვერ ასწრებენ საკნებში დაავადებულ პაციენტებთან დროულად მისვლას, რაც შეიძლება ფატალურადაც კი დამთავრდეს. აქვე არის აფთიაქში პრობლემა, დეფიციტი არის მედიკამენტების,“ - განაცხადა ზაზა სვანაძემ.

პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა ზაზა სვანაძის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.

„პატიმრები არიან დაკბენილები ე.წ. ბაღლინჯოსგან, ტკიპებისგან, რწყილებისგან და ამაზე არ ხდება ამ კუთხით ყურადღების მიქცევა... მთავარი მოთხოვნაა, რომ შეიქმნა კომისია, რომელიც გააკონტროლებს მსგავსი პატიმრების პრობლემებს,“ - განაცხადა  ალექსანდრე კობაიძემ.

დღის ამბები