19 აპრილი 2024,   16:29
ვრცლად
სასამართლო სისტემა, არჩევნები, მედია პლურალიზმი - პირველად, ბოლო წლების განმავლობაში, აშშ-ის შეფასებებში კითხვები ჩნდება   

უმკაცრესი შეფასებები უმაღლესი ტრიბუნიდან - შეერთებული შტატების ოფიციალურ შეფასებებში, პირველად, ბოლო წლების განმავლობაში, ჩნდება კითხვის ნიშნები, რომელიც ქვეყნის დემოკრატიის მთავარ ფუნდამენტს, სასამართლო სისტემას, არჩევნებს, მედია პლურალიზმს და უცხო ქვეყნის გავლენას ეხება.

კრიტიკული შეფასებები, მაიკ პომპეოს ღია განცხადების შემდეგ, უკვე შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ერთობლივ დეკლარაციაშიც მოხვდა და ამერიკის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

პრემიერ-მინისტრ, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის დროს, სახელმწიფო მდივნის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, რომელშიც მაიკ პომპეო სხვა თემების გარდა, სასამართლოს დამოუკიდებლობას და თავისუფალ არჩევნებს შეეხო, ეს გზავნილები სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ დეკლარაციაში კიდევ უფრო მკაფიოდ აისახა.  

დოკუმენტში, რომელიც ამერიკულმა და ქართულმა მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მეათე წლისთავზე მიიღეს, ხაზგასმულია საქართველოს დემოკრატიის გამოწვევებიც.  

„შეერთებული შტატები და საქართველო აღიარებენ, რომ მდგრადი და პლურალისტური დემოკრატია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი მედია, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლების პატივისცემა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობა, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება აუცილებელია საქართველოს განვითარების მხარდასაჭერად და დამაზიანებელი უცხოური გავლენისთვის წინაააღმდეგობის გასაწევად“

„ჩვენ ვაპირებთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან ვიმუშაოთ, რომ ხელი შევუწყოთ უფრო მეტად დამოუკიდებელ სასამართლოს, უზრუნველვყოთ თანაბარი შესაძლებლობები და დემოკრატიული არჩევნები. გავაძლიეროთ მედიაპლურალიზმი, კიდევ უფრო გავამყაროთ ძალაუფლების ბალანსი, საქართველოს უსაფრთხოებისა და სამართალდამცველი სექტორების ჩათვლით და გავიზიაროთ საპარლამენტო ზედამხედველობის საუკეთესო გამოცდილება“ - ნათქვამია აშშ-ს საგარეო უწყების ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მკაფიო გზავნილებს ეხმაურება და ამბობს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. 

მამუკა ბახტაძე-ის სურათის შედეგი

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის, რა თქმა უნდა ეს არის დემოკრატიის კონსოლიდაცია. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ დემოკრატიის კონსოლიდაცია, ეს არის მუდმივი პროცესი, რომელსაც სჭირდება აქტიური რეფორმები, ეს არის ერთ-ერთი საკითხი, მნიშვნელოვანი, ოთხი მიმართულებიდან ერთ-ერთი, რომელსაც ჩვენ ყოველი შეხვედრის დროს, აქტიურად ვიხილავთ. ჩვენ ვართ წარმატებულები დემოკრატიის მიმართულებით და გვსურს რომ ეს წარმატებები გავაძლიეროთ,"-აცხადებს მამუკა ბახტაძე. 

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, დავით ზალკალიანი კი აცხადებს, რომ უშუალოდ, მაიკ პომპეოს და მამუკა ბახტაძის შეხვედრაზე საუბარი პოზიტიური მიმართულებით წარიმართა და კრიტიკას ადგილი არ ჰქონია. 

დავით ზალკალიანი-ის სურათის შედეგი

„მხოლოდ პოზიტიური კუთხით იყო სახელმწიფო მდივნის მხრიდან გაცხადებული და აღიარებული ის რეფორმები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით და თუ თქვენ მიაქცევთ ყურადღებას, რა განაცხადა მან პრესკონფერენციაზე, მან თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებას. ანუ, ეს იყო პოზიტიურ კონტექსტში დანახული,  რომ ის რეფორმები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, არის შეფასებული ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან როგორც დადებითი და შემდგომ ამ დადებითი კურსის გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები