20 აპრილი 2024,   17:56
ვრცლად
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" მთავრობა ფინანსური დახურვის ვადას 6 თვის ვადით გადაუვადებს - მაია ცქიტიშვილი

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" მთავრობა ფინანსური დახურვის ვადას 6 თვის ვადით გადაუვადებს - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა გააკეთა. 

ცქიტიშვილი ამბობს, რომ ვადის 6 თვით გადაწევასთან დაკავშირებით, ინფორმაცია თავად კონსორციუმიდან მიიღეს. 

„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრის დროს, რომელიც 21 მაისს შედგა, მაშინაც განვაცხადეთ იმის თაობაზე, რომ ის ვადა, რომელიც ახლა იყო ბოლო გადავადებით განსაზღვრული დაფინანსების მოსაპოვებლად, რაც 15 ივნისი იყო, არ იყო საკმარისი ამ მიმდინარე პროცესშივე. ჩვენ კონსორციუმიდან მივიღეთ ამ კვირის განმავლობაში ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სასურველი ვადა იქნებოდა 6 თვე და როგორც ამ შეხვედრაზე წინასწარ ვიყავით შეთანხმებული, ჩვენ გავიზიარებდით იმ ვადას, რა ვადაც იქნებოდა მოწოდებული კონსორციუმის მხრიდან,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილის კომენტარი, დროში ემთხვევა მაიკ პომპეოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, იმედს გამოთქვამს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება.

„დროში ემთხვევა, ეს ჩემი დღევანდელი განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გუშინ, ბატონმა მამუკამ პრემიერ მინისტრმა, ასევე ერთ-ერთ ტელეეთერში გააკეთა კომენტარი,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საქართველოს მთავრობას ფინანსური დახურვის დოკუმენტაციის წარსადგენად ვადების გახანგრძლივება სთხოვა.  

ფინანსური დახურვისთვის ვადა 15 ივნისს იწურებოდა. სწორედ ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული 4 საერთაშორისო ბანკის მიერ 400 მილიონ დოლარიანი დაფინანსების გამოყოფა.

 

 

დღის ამბები