19 აპრილი 2024,   05:59
ვრცლად
16 სასიკვდილო ჭრილობა - აგარაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

აგარაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობის მოთხოვნას დაეთანხმა დაცვის მხარეც, მიზეზად კი ის გარემოება დაასახელა, რომ მათი თქმით, ბრალდებულს საფრთხე ემუქრება. 

პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართა, რომელიც პროკურორის მოთხოვნით დაიხურა.  

„ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე შუამდგომლობდა ბრალდებულ ა.ხ-ს მიმართ გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა, ვინაიდან, სახეზე იყო საკმარისი ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების პოზიცია და გამოიყენა პატიმრობა. დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილი იყო ეჭვიანობის ნიადაგზე, შესაბამისად, პირადი ცხოვრების მონაცემების გამჟღავნების თავიდან არიდებისათვის და ასევე, ოჯახში დანაშაულის მსხვერპლის ინტერესის დაცვიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ იშუამდგომლა სასამართლო პროცესის დახურვა, რასაც დაეთანხმა დაცვის მხარეც და სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი აღნიშნული შუამდგომლობაც“ - განაცხადა პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა.

განცხადება გააკეთა ბრალდებულის ადვოკატმა, მაია გრიგოლიშვილმა და განაცხადა, რომ საფრთხე შესაძლოა, დაზარალებული მხრიდან მომდინარეობდეს. 

„პროცესზე, დღესაც ისევე როგორც ბრალის წარდგენის შემდგომ გამოიყენა დუმილის უფლება. შესაძლებელია, დაზარალებული მხარეებიდან რაიმე საფრთხე მომდინარეობდეს, თუმდაც მის სიცოცხლეს დაემუქროს საფრთხე, მაგრამ ამის საფუძველი გვქონდა,“ - განაცხადა მაია გრიგოლიშვილმა. 

შეგახსენებთ, შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. 53 წლის მამაკაცმა მეგობარს 16 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მან ასევე, 13 უმძიმესი ჭრილობა, მათ შორის ყელის არეში მიაყენა მეუღლეს. 

ერთ-ერთი ვერსიით, სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი ეჭვიანობა გახდა, თუმცა დაზუსტებით არავინ იცის, რა ურთიერთობა ჰქონდა გარდაცვლილს ბრალდებულის ოჯახთან.

ამავე თემაზე
დღის ამბები