19 აპრილი 2024,   22:27
ვრცლად
კრემლი აღშფოთებულია - რუსეთის ხელისუფლება "ჩერნობილის" საკუთარ ვერსიას გადაიღებს

კრემლი აღშფოთებულია - საბჭოთა რეჟიმის მემკვიდრეების შეშფოთების მიზეზი, ამერიკული ტელესერიალი გახდა. 

1986 წელს ჩერნობილის კატასტროფის შესახებ გადაღებული სერიალის შემდეგ რუსული მედია დასავლეთს ფაქტების გაყალბებაში ადანაშაულებს. კრემლის გადაწყვეტილებით კი ჩერნობილის კატასტროფის ამსახველ ფილმს თავად გადაიღებენ. რის დამტკიცებას შეეცდება კრემლი გაურკვეველია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის და მსოფლიოს მოტყუება სცადა და დანაშული ჩაიდინა იმ ხალხის მიმართ, ვინც ცხოვრობდა და შემდეგ მუშაობდა კატასტროფის ადგილას. მათ შორის ათას ხუთასზე მეტი ქართველიც იყო.

ამერიკული სერიალი აკადემიკოს ვალერი ლეგასოვის აღსარებით იწყება. პროფესორი ჰყვება, რამ გამოიწვია აფეთქება რეალურად და როგორც ცდილობდა ტყუილებით ამის მიჩქმალვას რუსეთი. ”ჩერნობილი” 5 ეპიზოდიანი მინი სერიალია, რომელიც დოკუმენტურ ფაქტებსა და ბელორუსი ნობელის ლაურეატის სვეტლანა ალექსეევიჩის წიგნის ”ჩერნობილის ხმების” მიხედვითაა გადაღებული.

ჩერნობილში არსებულ ვითარებას დღეს საქართველოს მოქალაქეებიც იხსენებდნენ. დავით ხარატიშვილი ძმასთან ერთად, ჩერნობილის სამხედრო ნაწილის წვევამდელი იყო და საგუშაგოზე იდგა. ხედავდა, როგორ გარბოდნენ სასწრაფო-სამედიცინო და სახანძრო მანქანები მის თვალწინ, თუმცა რა მოხდა - არ იცოდა. ბაზიდან მხოლოდ 5 დღის შემდეგ გამოიყვანეს. ჯარისკაცი იხსენებს, რომ რადიაციულ ზონაში მათ უსაფრთხოებაზე არავინ ზრუნავდა.

ჩერნობილის რადიაციულ ზონაში მოტყუებით, 40 ქართველი გოგონა წაიყვანეს. გოგონები სამხედრო ჰოსპიტალში მხოლოდ საქართველოდან იყვნენ, ცხოვრობდნენ საბავშვო ბაღის მიტოვებულ შენობაში.

1986 წლის 26 აპრილს, 01:05 საათზე, ჩრდილოეთ უკრაინაში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის გეგმიური გაჩერება დაიწყო. პირველ საათსა და 23 წუთზე სადგური აფეთქდა, გაეროს მონაცემებით შემთხვევას 50 ადამიანი ემსხვერპლა, დასხივების შედეგად კი მინიმუმ 4000 ადამიანი გარდაიცვალა. ზუსტი რაოდენობა უცნობია. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 100 ათასამდეა. 33 წლის შემდეგ, რადიაციული კერები ჩერნობილის ტერიტორიაზე დღემდე რჩება.

დღის ამბები