პარლამენტში, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მიერ ორგანიზებული შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც ოპოზიცია საკუთარი ულტიმატუმით მივიდა. ისინი ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ 2020 წლიდან საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციული გახდეს და გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნების პრინციპი.
"ევროპულმა საქართველომ" დღევანდელი შეხვედრა დატოვა. მიზეზად კი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ, სამუშაო ჯგუფის მიერ მეორეხარისხოვანი საკითხებს განხილვა დაასახელა.
„არ შეიძლება რომ, მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები იყოს პატარა უმნიშვნელო საკითხების მძევალი და მათი მოწყალების იმედზე. ამას ვხედავთ, იმიტომ რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა, რომელიც პოლიტიკურ სპექტრს გააჩნია და რომელიც გააჩნია საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ დღეს 50 000 ხელმოწერა შევიტანეთ ამ მოთხოვნით, ეს არის საარჩევნო სისტემის შეცვლა და პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება, რადგან ეს სისტემა გულისხმობს მანდატების უფრო ადეკვატურად განაწილებას ხალხის ნების პროპორციულად.
"ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში და ზოგადად საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით დაიწყოს სერიოზული დისკუსია. ჩვენ ეს საკითხი დავაყენეთ დღეს და ველოდებით, რომ ამ საკითხზე გვექნება ჩამოყალიბებული პასუხი უმრავლესობის მხრიდან.
"ის საკითხები, რომლებიც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება, არის შედარებით მეორეხარისხოვანი საკითხები, მნიშვნელოვანი თავისი შინაარსით, მაგრამ არც კი შეედრება ამ საკითხის მნიშვნელობას, ეს არის ყველაზე მთავარი თემა, მეორეხარისხოვან საკითხებზე საუბარი არ მიგვაჩნია უპრიანად, ამიტომ ჩვენ დღეს სამუშაო ჯგუფის ეს შეხვედრა დავტოვეთ,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.