21 აგვისტო 2019,   16:35
ვრცლად
4 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან - სტიქიის ზონაში მშენებლობები გრძელდება

4 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან და გაკვეთილი, რომლითაც ხელისუფლებამ ვერაფერი ისწავლა. სტიქიას ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისს 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ვერეს ხეობაში მდებარე სახლები კი თითქმის მთლიანად განადგურდა.

სტიქიის ეპიცენტრში, ახალი, მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის ნებართვა მერიამ გასცა და იმ გვირაბის გაფართოვების ნაცვლად, სადაც დაგროვილმა მასამ წყალდიდობა გამოიწვია, ზემოდან კორპუსი დააშენეს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი, თეა გოდოლაძე ამბობს, რომ სტიქიის შემდეგ ამერიკელმა ექსპერტებმა დასკვნა მოამზადეს, სადაც აღნიშნულია, რომ ვერეს ხეობაში არაფერი უნდა აშენდეს. დასკვნაში ასევე, აღნიშნულია, რომ ვერეს ხეობაში არსებული ნაგებობები უნდა მოიშალოს და მდინარეს თავისუფალი კალაპოტი მიეცეს.

„ჩვენ ვერ გავთვლით ისეთ შემაკავებელ ღონისძიებებს, რომელიც სრულად უსაფრთხოებას განაპირობებს მოსახლეობისა მდინარის ჭალაში, ამიტომ, ეს ყველაფერი აქ რასაც ხედავთ არის უკიდურესად საშიში,“ - განაცხადა გოდოლაძემ.

სტიქიის შემდეგ, რომ ხელისუფლება უმოქმედოა და რეალური ნაბიჯები არ გადაუდგამს, ამაზე საუბრობს მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ დამფუძნებელი, ნატა ფერაძე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობისთვის აღნიშნული სტიქია პრევენციული ღონისძიებების გატარებისთვის სათანადო მაგალითი არ აღმოჩნდა.

„ყველა მძიმე დღიდან ჭკვიანი ადამიანი და ჭკვიანი მოსახლეობა ღებს მაგალითს და სწავლობს რაღაცას და ასწორებს. ჩვენ გვახსოვს გუდაურში დაიღუპა გოგო, სამთო-სათხულამურო კურორტზე, რის მერეც დააყენეს დაცვა და ახლა ჩვენი შვილები დაცულები არიან. 13 ივნისის ისეთი ზიზღი მაქვს, იმიტომ, რომ იმის მერე ჩვენ დასკვნები პოზიტიურუი ვერ გამოვიტანეთ, პირიქით, კიდევ უარესი გრძელდება,“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.

ვერეს ხეობაში, რომ მშენებლობების ნებართვები აღარ უნდა გაცემულიყო, სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი. ის ამბობს, რომ სტიქიის შემდეგ ხელისუფლების მიერ გაცემული არცერთი დაპირება არ შესრულდა.

„მოსახლეობა უნდა გაეყვანათ სტიქიის ზონიდან, გზა, რომელიც აკავშირებს გმირთა მოედანს თამარაშვილთან, უნდა აეწიათ ხიმინჯებზე, უნდა შეჩერებულიყო მიმდინარე მშენებლობები და ამავე დროს, აღარ გაცემულიყო ახალი მშენებლობები, ზოოპარკის გადატანა უნდა მომხდარიყო სრულად, არცერთი ეს დაპირება დღეს არ არის შესრულებული და უფრო მეტიც, გაიცემა ახალი ნებართვები მშენებლობებზე, იქ, სადაც ადამიანების სიცოცხლეს ექმნება საფრთხე,“ - განაცხადა მესხიშვილმა.

დღის ამბები