26 აგვისტო 2019,   14:32
ვრცლად
"აუცილებელია, შესრულდეს ოდირის 27 მთავარი რეკომენდაცია" - კარლ ჰარცელი საარჩევნო სისტემაზე 

საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათი განცხადებით, ხელისუფლება უნდა წავიდეს დათმობაზე და 2020 წლისთვის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე ოპოზიციას დათანხმდნენ. დიპლომატების თქმით, საარჩევნო სისტემის შეცვლა საქართველოში დემოკრატიის განვითარებას წაადგება.  

"ყურადღებას ვამახვილებთ წინა არჩევნების შემდგომ პერიოდებზე, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელმაც საერთაშორისო გაერთიანებას, მათ შორის ევროკავშირს, არაერთ საკითხზე შეშფოთება დაუტოვა. მათი ფორმულირება მოხდა რეკომენდაციების სახით სხვადასხვა სადამკვირვებლო ანგარიშში. ახლა აუცილებელია, შესრულდეს ოდირის 27 მთავარი რეკომენდაცია.

"მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი დაიწყო, რადგან დრო შეზღუდულია და მომავალი წლიდან საარჩევნო წელი იწყება. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა. ეს ადვილი არ იქნება, თუმცა იმედი გვაქვს რომ იქნება ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ბოლომდე ჩართული დარჩებიან ყველა: ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ექსპერტები, სააგენტოები და სამინისტროები. დღევანდელი განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ასევე საარჩევნო სისტემაც. მინდა ხაზი გავუსვა ოდირის მიერ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების მნიშვნელობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემა იყოს მყარი,"-აცხადებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი.

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი თვლის, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა, როცა სამუშაო ჯგუფმა ეუთოს რეკომენდაციების შესრულებაზე მსჯელობა დაიწყო.

"ეს იყო სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა. ამ განხილვების საფუძველია ბოლო არჩევნების შემდეგ ეუთო-ოდირის ანგარიში და საარჩევნო თემაზე მომზადებული წინა ანგარიშები. გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო პირველი შეხვედრა და ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ,"-განაცხადა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლის შემდეგ მნიშვნელოვანია პარტიების დაფინანსების საკითხებს, რაც სულხან სალაძის თქმით, პრინციპული საკითხია.  სალაძის განცხადებით, ასევე განხილვის მთავარი თემა უნდა იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესში არსებული ხარვეზები და მათი აღმოფხვრა.

    

დღის ამბები