23 იანვარი 2020,   21:25
ვრცლად
საარჩევნო სისტემის ცვლილება - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დაპირისპირება მწვავდება 

საარჩევნო სისტემის ცვლილებების მოთხოვნით პოლიტიკური დაპირისპირება მწვავდება. რეფორმისთვის შექმნილი კომისიის სხდომა დღეს „ევროპულმა საქართველომ“ დატოვა, იმავეს გეგმავს „ნაციონალური მოძრაობაც“.

ოპოზიციურ პარტიებს საერთო მოთხოვნა აქვთ - მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და არა კოსმეტიკური ცვლილებები. შეხვედრის დასაწყისშივე „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ არ გააუქმებს მაჟორიტარულ არჩევნებს, რასაც ოპოზიციური პარტიის პროტესტი მოჰყვა.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ თუ არ შეიცვლება საარჩევნო სისტემა, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიტაცების შანსი 2020 წელსაც ექნება. მათივე განცხადებით, „ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსის ზოგად საკითხებზე ყურადღების გატანას ცდილობს და არ აპირებს მთავარი მოთხოვნა გაიზიაროს, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას გულისხმობს.

საპარლამენტო ოპოზიციის მსგავსად, არასაპარლამენტოებიც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთ გზად მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაში ხედავენ. თუმცა ოპოზიციის მოთხოვნას უარი პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრიდან გამოსვლისთანავე უთხრა. ირაკლი კობახიძე ოპოზიციას პოლიტიკური სპეკულაციებში ადანაშაულებს და ამბობს, რომ იმის შეცვლას, რაც კონსტიტუციის ახალი რედაქციით უკვე განსაზღვრულია, „ქართული ოცნება“ აღარ აპირებს.

ეუთომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დასკვნა გამოაქვეყნა. საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში პირდაპირ ეწერა, რომ არჩევნებზე ხდებოდა ხმების ყიდვა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ეუთომ ხელისუფლებას 27 რეკომენდაცია მისცა.

სამუშაო ჯგუფის მონაწილეებს ვადა 24 ივნისამდე აქვთ, რომ კომისიას საკუთარი წინადადებები წარუდგინონ. საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი, მომდევნო შეხვედრას პარლამენტში ივლისის დასაწყისში გამართავს.

დღის ამბები