28 იანვარი 2020,   13:28
ვრცლად
4 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან - უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები ადვოკატებთან ერთად გისოსებს მიღმა აღმოჩდნენ

უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები კი, რომლებიც დამანგრეველმა სტიქიმ დააზარალა, ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ადვოკატებთან ერთად გისოსებს მიღმა აღმოჩდნენ. 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულები და მათი ადვოკატები მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც იურისტებმა აღმოაჩინეს, რომ დაზარალებულებისთვის კომპენსაციების დარიგებისას მერიაში შესაძლოა, კორუფციულ გარიგებებს ადგილი ჰქონოდა. იურისტებმა მერიის მაღალჩინოსნების წინააღდეგ სარჩელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შეიტანეს, რასაც მათი დაკავება მოჰყვა.  

კორუფციული სქემის მიხედვით, რომელიც ადვოკატმა ნათელა გოდერიძემ გაშიფრა, სტიქიით დაზარალებულთა ფონდიდან თბილისის მერიის მაღალჩინოსნებმა მილიონობით ლარი გაათეთრეს. ადვოკატი ამტკიცებს, რომ მერია მიწას ისეთ პირებს ურეგისტრირებდა, რომლებიც ამ ტერიტორიაზე სტიქიის დროს არ ცხოვრობდნენ. საკუთრებაში გადაცემის შემდეგ კი ამავე მიწის ნაკვეთს ქონების მართვის სამსახური სოლიდურ ფასად ყიდულობდა.

ბრალდებულები ამტკიცებენ, რომ კორუფციულ გარიგებებს ქონების მართვის იმჟამინდელი სამსახურის უფროსი კარლო ლაფერაძე ხელმძღვანელობდა. შესაძლო კორუფციული გარიგების გამოძიება გენერალურმა პროკურატურამ 4 წლის წინ დაიწყო, თუმცა ამ დრომდე გამოძიების შესახებ არაფერი იცის თავად კარლო ლაფერაძემ. ის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ის გამოსაკითხად არავის დაუბარებია. ინფორმაციას არც თბილისის ამჟამინდელი მერი, კახი კალაძე ფლობს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, წყნეთის ქუჩის პირველი ნომერში მდებარე 4200 კვადრატულ მეტრს ბელა გუბელაძე 2012 წელიდან ფლობს. მისი თქმით, ეს ნაკვეთი მის ოჯახს 1956 წლიდან ეკუთვნის და ამას საარქივო დოკუმენტებიც ადასტურებს. თუმცა, გენერალური პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს საბუთები ყალბია და გუბელაძემ მიწის ნაკვეთი თაღლითური გზით მიისაკუთრა. დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც 4 ქალს ბრალი წაუყენეს, ბრალდებულებმა საგამოძიებო სამსახურში საკუთარი ხელით მიიტანეს და თბილისის მერიის მხრიდან შესაძლო კორუფციული ფაქტების გამოძიება მოითხოვეს.

2012 წელს მიწის რეგისტრაციის შემდეგ გუბელაძემ მიწა ქეთევან ჯავახიშვილზე 80 ათას ლარად გაასხვისა. დოკუმენტების გაყალბებისა და მიწის თაღლითური გზით დაუფლებისთვის პროკურატურამ ჯავახიშვილიც დააკავა.

სადავო მიწის ნაკვეთზე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ უკვე 2-ჯერ იმსჯელა, ორივე გადაწყვეტილებით, მიწა გუბელაძეს მიაკუთვნა. წყნეთის ქუჩის პირველ ნომერში წლებია თვითნებურად ცხოვრობს რამდენიმე ოჯახი. ბრალდებულები ამტკიცებენ, რომ შესაძლო კორუფციულ გარიგებაში ეს ადამიანებიც მონაწილეობდნენ, გამოძიებამ მათ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა, ძიების დასრულების შემდეგ კი სოლიდურ კომპენსაციებს ელოდებიან.

დღის ამბები