19 აპრილი 2024,   07:25
ვრცლად
ხელისუფლებამ ბურჭულაძის წინააღმდეგ მორიგი შეტევა დაიწყო - ევროპის თეატრებში რეკავენ და ამბობენ, რომ მსოფლიო ბანი თაღლითია

ხელისუფლებამ პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ ახალი შეტევა დაიწყო. ევროპის ყველა თეატრში, სადაც პაატა ბურჭულაძის კონცერტები იმართება, ანონიმური სატელეფონო ზარები შედის. უცნობი ადამიანი, რომელიც თეატრის წარმომადგენლებს ჟურნალისტად ეცნობა, მათ ვრცლად უყვება, რომ მსოფლიო ბანი თაღლითია, მასზე საქართველოში გამოძიება მიდის და 11 წლით ციხე ემუქრება.

საქართველოს პროკურატურამ მსოფლიო ვარსკლავების ყველაზე დიდი გაერთიანების წერილი  მიიღო. ასკონა ჰოლტის დირექტორი თადუმაძეს წერს, რომ ევროპაში პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაცია მოხდა და კამპანია, რომელიც მსოფლიო ბანის წინააღმდეგ მიდის, სულ უფრო ახალ მასშტაბებს იღებს, ამიტომ ასკონა ჰოლტის დირექტორი განმარტებებს ითხოვს, თუ ბურჭულაძე დამნაშავეა და ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი თანხა მიითვისა, მაშინ რატომ ვერ დასრულდა გამოძიება და ერთი წლის და 9 თვის შემდეგ პროკურატურამ ვერაფერი დაადგინა.

ვრცელ წერილში მსოფლიო არტისტების გაერთიანება საქართველოს გენერალურ პროკურორს კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა სთხოვს. აღმოჩენილია თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ მიერ განხორციელებულ საქმიანობაში და მიუძღვის თუ არა რაიმე ბრალი ბურჭულაძეს.

პაატა ბურჭულაძე დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ კამპანია ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით დაიწყეს.

„რითი უნდა შემაშინოს ბიძინა ივანიშვილმა. მე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კი არ ვარ, მე ვარ იმის წინააღმდეგ, რომ მთელი მთავრობა მის ხუშტურზე დარბის და მთავრობანას თამაშობენ. საქართველოა გადასარჩენი, ხალხო, რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი. ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რას წარმოადგენს საერთოდ? მე მხარს დავუჭერ ყველა პარტიას, რომელიც არის „ოცნების“ წინააღმდეგ იმიტომ, რომ „ოცნება“ არის დამანგრეველი და თან მავნებელი,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

პროკურატურა საქველმოქმედო ფონდ იავნანას საქმიანობით და ფინანსებით 2017 წელს დაინტერესდა, თუმცა ერთი წლისა და 9 თვის შემდეგაც გამოძიება ფონდის საქმიანობაში დანაშაულებრივი ნიშნები ვერ დაადგინა. დღეს ცნობილი ხდება, რომ მთავარმა საგამოძიებო უწყებამ დაკითხვების ახალი სერია დაიწყო, პროკურატურაში იმ ადამიანებს იბარებენ, ვინც ახლა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და ფონდს დახმარებას სთხოვს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები