19 აპრილი 2024,   06:13
ვრცლად
როდესაც რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან კეთდება განცხადებები მუქარის ტონით, ეს არის მიუღებელი - აბაშიძე კარასინის განცხადებას ეხმაურება 

ნატოსთან ურთიერთობის თემასთან დაკავშირებით რუსეთი საქართველოს მუქარის ტონით არ უნდა ესაუბრებოდეს - ასე აფასებს ზურაბ აბაშიძე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.  

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობებში ამბობს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები ქვეყნის არჩევანია და მას ვერავინ შეცვლის.

რაც შეეხება კარასინის მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, აბაშიძე ამტკიცებს, რომ პორტთან რუსეთს არანაირი შეხება არ აქვს და შეხვდრის დროს ამ თემაზე სუბარიც კი არ ყოფილა.

„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით თემა საერთოდ არ განხილულა. არც წინა შეხვედრებზე საერთოდ არ გვისაუბრია. რა კავშირი აქვს რუსეთს ამ პორტთან დაკავშირებით ვერ გეტყვით.

რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს ნატოსთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ეს არის ჩვენი სუვერენული უფლება, სუვერენული არჩევანი. როდესაც რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან კეთდება რაღაც განცხადებები მუქარის ტონით, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის სრულიად მიუღებელი, ასეთი ტონით მეზობელ ქვეყანას არ უნდა ელაპარაკო,“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პრაღაში აბაშიძე-კარასინის კონსულტაციები დღესაც გრძელდება.  გრიგორი კარასინმა კი შეხვედრის დაწყებამდე თქვა, რომ რუსეთი შეშფოთებულია საქართველოს ნატოში შესაძლო დაჩქარებული გაწევრიანების გამო . გრიგორი კარასინის თქმით, საქართველოს ნატოში დაჩქარებული მიღება რუსეთთან ურთიერთობაზე დამღუპველად იმოქმედებს. გრიგორი კარასინმა ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთს არ "აწყობს" ამერიკის სახელმწიფო მდივნის იმ განცხადების ტონი, რომლის დროსაც მაიკ პომპეომ საქართველოს მიერ რუსეთისა და ჩინეთის გავლენების დაძლევის შესახებ ისაუბრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები