25 აპრილი 2024,   00:08
ვრცლად
"სხვებისთვის არ იყო საინტერესო" - „არქის“ დამფუძნებელი კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებას პასუხობს 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების ბრალდებებს, რომელიც თბილისის მერიასთან კორუფციულ გარიგებებს ეხება, კომპანია „არქის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ილია წულაია პასუხობს.

თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა დღეს დოკუმენტები გაასაჯაროეს, რომლითაც დგინდება, რომ ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტში, „ქართული ოცნების“ დეპუტატის ილია წულაიას კომპანიამ "არქიმ" გაიმარჯვა. ოპოზიცის ინფორმაციით, კახა კალაძემ მისი თანაპარტიელის კომპანიას დაახლოებით 16 მილიონის ქონება ერთ ლარად გადასცა. საუბარია, ვარკეთილში მდებარე ტერიტორიაზე.

ილია წულაია ამბობს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა, რადგან თბილისის მერია ხრუშოვკების პროექტის ფარგლებში 12-13 მილიონი ლარის ქონებას მიიღებს.

„არავინ არ მიიღო მონაწილეობა და არ დაინტერესდა ამ ფართის აღებით. თანხა შეფასებული იყო, დაახლოებით, 4 მილიონ ნახევარ ლარად ეს მიწის ნაკვეთი და საბოლოო ჯამში, მერია რასაც მიიღებს, ხრუშოვკების პროექტის ფარგლებში, იქნება დაახლოებით, 12-13 მილიონი ლარის ქონება, სწორედ ამიტომ არ იყო სხვებისთვის საინტერესო და სწორედ ამიტომ იყო ნაკლებად ფინანსურად საინტერესო ეს პროექტი,“ - განაცხადა წულაიამ.

ბრალდებაზე, რომ "შპს ვარკეთილი დეველოპმენტი" საგანგებოდ პროექტისთვის შეიქმნა, წულაია ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მისთვის ცნობილი არ არის. 

"შპს ვარკეთილი დეველოპმენტის" მესაკუთრეები თენგიზ წულაია და დიმიტრი ადამია "ქართული ოცნების"  შემომწირველები არიან. მათ გასულ წელს, საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს 60-60 ათასი ლარები შეწირეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები