20 აპრილი 2024,   04:01
ვრცლად
„თაღლითური სქემა, რომელსაც ივანიშვილის ხელდასმული პირები, მათ შორის ფარცხალაძე და მამაცაშვილი მფარველობს" - აბესაძე კორუფციულ სკანდალზე საუბრობს

სქემა, რომელიც აღატაკებს საქართველოს - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაახლოებული ყოფილი მაღალჩინოსნები ქვეყანას 90-იანი წლების მსგავსად ძარცვავენ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, "ჰაბ ჯორჯიას" კვლევა აჩვენებს, რომ ხელისუფლება კორუფციაშია ჩაფლული, მისი თქმით, ეს იმავე შედეგის მომტანი იქნება, რაც შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებულმა კორუფციამ და ჩრდილოვანმა ეკონომიკამ მოიტანა. 

საუბარია სქემაზე, რომლის უკანაც "ჰაბ ჯორჯიას" ხელმძღვანელის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები მათ შორის ოთარ ფარცხალაძე დგას და რომლებიც იმპორტირებულ საქონელზე დღგ-ს არ იხდიან.

აბესაძე ამბობს, რომ ეს პირები გადასახადების დასაფარად, კრიმინალურ კორუფციულ მეთოდებს იყენებენ. 

„ხდება სახელმწიფოს ფუნდამენტის მიზანმიმართული რღვევა. 90-იან წლებში სწორედ ასეთი კორუფცია და ჩრდილოვანი ეკონომიკა გახდა ამ ქვეყნის ნგრევის საფუძველი და იმ უკიდურესი სიღარიბის შექმნის, რომლიდანაც ახლაც ვერ ამოვსულვართ.

"ახლაც ნათელია, რომ ივანიშვილი, მისი უახლოესი ნათესავები მისი ფავორიტი ყოფილი ჩინოვნიკები, რა თქმა უნდა, იყენებენ კრიმინალურ კორუფციულ მეთოდებს  გადასახადების დასაფარად, სახელმწიფო ქონების და ფინანსების ხელში ჩასაგდებად,“-აცხადებს ირაკლი აბესაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, დანაშაულში მონაწილეები ასევე არიან ფინანსთა სამინისტროს მოქმედი მაღალჩინოსნები, რადგანაც მსგავსი სქემით მოქმედება ამ უწყებისგან გვერდის ავლით ვერ მოხერხდებოდა. 

"ეს არის თაღლითური სქემა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მოქმედებს საქართველოში და რომელსაც პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის ხელდასმული რამდენიმე ადამიანი მფარველობს. მათ შორის ეს არის ფარცხალაძე, ეს არის მამაცაშვილი, თუმცა ამ სქემას ჰყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც არიან ჩინოვნიკები, რომლებიც მუშაობენ ფინანსთა სამინისტროში და რომელთა გარეშეც მსგავსი სქემის განხორციელება არის წარმოუდგენელი. ეს სქემა, არამარტო ეკონომიკას კლავს, არამარტო კორუფციული გარიგება არის, ამას ახორციელებენ ისევ და ისევ ხალხის ფულით,“-აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები