01 აპრილი 2020,   20:54
ვრცლად
"ისტერიკა დაემართათ" - ლევან გოგიჩაიშვილი ამტკიცებს, რომ ბესელიას პირადი ცხოვრების საქმის გამოძიება, მმართველ გუნდს არ სურს

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმის გამოძიება მმართველ გუნდს არ სურს - ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები საუბრობენ. პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობის იმ სხდომას იხსენებს, სადაც მან ამ საკითხის განხილვა მოინდომა, თუმცა ირაკლი კობახიძისგან უარი მიიღო.

„ისტერიკა დაემართა რამდენიმე ადამიანს, არ გვინდა ამ ამბის განხილვა უმრავლესობაზეო - პარლამენტის თავმჯდომარეს, იქ რამდენიმე ვიცე-სპიკერს და უმრავლესობის ლიდერებს, დაემართათ ისტერიკა, რომ არ გვინდა ახლა ამ საკითხის განხილვა, ისედაც მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ სასამართლოზეო, - ეს იყო პასუხი,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დეპუტატის თქმით, ქვეყანაში სისტემა მბრძანებლობს და თუ ის გადაწყვეტს, ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი მეთოდით დაუპირისპირდებიან.

„ამ ქვეყანაში რაც ყველაზე კარგად მუშაობს, ეს არის სიბინძურის სამინისტრო, საათივით აწყობილია, ყველაფრის მკადრებლები, ადამიანებზე, ოჯახებზე, ყველაფერზე შეეხებიან, თუ ამ შემთხვევაში სისტემა გადაწყვეტს, რომ დაგიპირისპირდეს,“ - ამბობს გოგიჩაიშვილი.

ლევან გოგიჩაიშვილს ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამოძიების იმედი არ აქვს. „ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატის შეფასებით, შს მინისტრი აღნიშნულ საქმეს არ გამოიძიებს, რადგან როგორც გოგიჩაიშვილი ამბობს, გიორგი გახარიას საკმარისი გამბედაობა არ აქვს.

„დარწმუნებული ვარ, რომ გახარია ამის გამომძიებელი არ არის, არც გამოიძიებს, იმიტომ, რომ თვითონაც კარგად იცის, რასთან არის საქმე და როგორ არის საქმე. მას არ ეყოფა გამბედაობა, რომ დაუპირისპირდეს გამავრცელებლებს, რომლის შესახებ შესაძლოა, მან ინფორმაცია იცოდეს,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ, რამდენიმე თვე გავიდა, თუმცა, გამავრცელებელი ამ დრომდე დაკავებული არ არის. ბესელიას შეფასებით, საქმის გამოძიებისთვის საჭირო გონივრული დრო უკვე ამოიწურა. აქედან გამომდინარე, დეპუტატი აღნიშნულთან დაკავშირებით მის მიერ დაფიქსირებულ საეჭვო დეტალებთან დაკავშირებით ღიად ახალი პარტიის დაფუძნების შემდეგ ისაუბრებს.

დღის ამბები