25 აპრილი 2024,   18:20
ვრცლად
30 ათასი კვ.მ. ფართობი 3 თვის დაარსებულ კომპანიას ერთ ლარად გადაეცა

ვარკეთილში 30 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე მეტი შპს „ვარკეთილი დეველოპმენტს“ სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცა. კომპანია, რომელსაც თბილისის მერიამ მასშტაბური პროექტი ანდო, ზუსტად 3 თვის წინ დაარსდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის სათავეში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ილია წულაიას „არქი ჯგუფის“ ხელმძღვანელობა დგას.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ კახა კალაძის ახალი განკარგულებით, სახეზეა კორუფციული გარიგება. საკრებულოს დეპუტატებმა დოკუმენტები გაასაჯაროვეს, რომლითაც დგინდება, რომ ე.წ. ხრუშოვკების ჩანაცვლების პროექტში გამარჯვებული კომპანიით დედაქალაქმა მილიონობით ლარის ზარალი მიიღო, სანაცვლოდ კი კახა კალაძესთან დაახლოებული ბიზნესმენები დიდ მოგებაზე გავიდნენ.

„ვარკეთილი დეველოპმენტი“ „არქი ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა, სადაც ამბობენ, რომ ე.წ. ხრუშოვკების დემონტაჟი სოციალური პროექტია და ძველი, ამორტიზებული საცხოვრებლის ნაცვლად, ხალხი ახალ კორპუსებში გადავა.

კორუფციულ გარიგებას „ვარკეთილი დეველოპმენტში“ უარყოფენ და აცხადებენ, რომ პროექტის დასრულების შემდეგ კომპანია ვალდებულია, თბილისის მერიას 7500 კვადრატულ მეტრამდე საცხოვრებელი ფართი გადასცეს, რომლის საბაზრო ღირებულებაც 13-დან 14 მილიონ ლარამდე მერყეობს.

ვარკეთილში დაგეგმილი მასშტაბური პროექტით, მხოლოდ ორი კომპანია დაინტერესდა. „ვარკეთილი დეველოპმენტის“ გარდა, მშენებლობის დაწყება შპს „ინნო ქონსთრაქშენსაც“ სურდა, თუმცა როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, ამ კომპანიას ფინანსური გარანტიები არ გააჩნდა და მისი დისკვალიფიკაცია მოხდა.

 

დღის ამბები