25 აპრილი 2024,   12:45
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებული 28 პირიდან 21 გაათავისუფლეს, 7 - იზოლატორში რჩება

მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებული 28 პირიდან 7 ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება, 21 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

შსს-ის ცნობით, ისინი აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მათი მხარდამჭერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ აგრესიას კვერცხების სროლით გამოხატავდნენ. სამართალდამცველები ახლა ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას სწავლობენ.

უწყება ასევე განმარტავს, რომ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და მათი ეფექტიანი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. 

"გუშინ, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს აქციის 28 მონაწილე, რომლებიც ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და კვერცხების სროლით გამოხატავდნენ აგრესიას აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მათი მხარდამჭერების, ასევე ჟურნალისტების მიმართ.

პოლიციის მიერ დაკავებული პირებიდან 7 რჩება ადმინისტრაციულ პატიმრობაში, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამე ხელწერილის საფუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.

სამინისტრო დეტალურად სწავლობს აქციის მიმდინარეობის დროს მომხდარი თითოეული ინციდენტის ამსახველ შესაბამის ვიდეო-მასალას, რომელსაც უმოკლეს ვადებში მიეცემა სამართლებრივი შეფასება.

აქვე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და მათი ეფექტიანი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიუღებელია ამ მოტივით ძალადობა და ძალადობის მუქარა. თითოეულ ფაქტზე სამინისტრო ახდენდა და მომავალშიც მოახდენს სათანადო რეაგირებას. სამართალდარღვევის ყველა ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრებისას დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამინისტრო იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში," - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები