19 აპრილი 2024,   08:13
ვრცლად
მოლდოვის ახალი კოალიციური მთავრობა "დემოკრატიული პარტიის" ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპირებს

მოლდოვის ახალი კოალიციური მთავრობა "დემოკრატიული პარტიის" ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპირებს.

პრემიერი მაია სანდუ პირობას დებს, რომ ოლიგარქი ვლადიმერ პლაჰოტნიუკი და მისი გარემოცვის წევრები კანონის წინაშე აგებენ პასუხს. განცხადება მან მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომის დასრულებისთანავე გააკეთა.

დემოკრატიულ პარტიაში ადასტურებენ, რომ მათი დამფუძნებელი პლაჰოტნიუკი შვეიცარიაში ოჯახთან გაემგზავრა, თუმცა ამტკიცებენ, რომ ბიზნესმენი მოლდოვაში რამდენიმე დღეში დაბრუნდება. პლაჰოტნიუკის გარდა, ქვეყანა დატოვა პარტიის კიდევ რამდენიმე ლიდერმა და მათთან დაკავშირებულმა ბიზნესმენმა. კერძო თვითმფრინავები მოსკოვში, ოდესასა და ლონდონში დაეშვნენ, კიშინიოვის აეროპორტიდან 5 ჩარტერული რეისი შესრულდა სტამბოლის მიმართულებითაც.

დაშლის მიუხედავად, დემოკრატიული პარტიის მთავრობა, რომელსაც პაველ ფილიპი ხელმძღვანელობდა, მაია სანდუს მთავრობის ლეგიტიმურობას არ აღიარებს. ოპოზიციაში გადასული პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებას ბოლო მომენტამდე ეწინააღმდეგებოდა, მოლდოვაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

ამ განცხადების შემდეგ მოლდოვის პრეზიდენტმა პლაჰოტნიუკის მმართველობის დროს დანიშნულ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს პოლიტიკური კრიზისის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგორ დოდონი მთავრობისა და პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევით დაიმუქრა, რომელზეც სასამართლოს ახალ შემადგენლობას დაამტკიცებდნენ. პარლამენტის დათხოვნის შესახებ საკუთარი გადაწყვეტილების ანულირებას საკონსტიტუციო სასამართლომ მხოლოდ 5 წუთი მოანდომა.  

დღის ამბები