19 აპრილი 2024,   22:13
ვრცლად
ხმაური მარნეულში - კაზინოდან დედის მიერ შვილის გამოყვანის მცდელობას დაცვის თანამშრომელთან დაპირისპირება მოჰყვა

ხმაური მარნეულის ერთ-ერთ კაზინოში - დედის მიერ დაწესებულებიდან შვილის გამოყვანის მცდელობას დაცვის თანამშრომელთან დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების დროს ქალი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის მარნეულის საავადმყოფოში გადაიყვანა.

თვითმხილველები პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტები მარნეულში ხშირად ხდება. ახალგაზრდა მამაკაცი და დედა კი მოგვიანებით პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

მარნეულის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აზატ ქარიმოვის განცხადებით, მსგავსი შემთხვევები მარნეულში ხშირია. მისი თქმით, მარნეულის მოსახლეობა ქალაქში კაზინოების ფუნქციონირების წინააღმდეგია.

„ჩვენ რომ მოვედით ქალბატონი უკვე ძირს გონებადაკარგული იწვა. როცა გავარკვიეთ, თუ რა მოხდა, გვითხრეს, რომ ეს ქალბატონი თავისი შვილის კაზინოდან გამოყვანას ცდილობდა რა დროსაც სლოტ-კლუბის დაცვის წევრმა მას ხელი ჰკრა და ძირს დააგდო. ეს არ არის მარნეულში პირველი შემთხვევა. მსგავსი ფაქტები თითქმის ყოველ ღამით ხდება. ამ ინციდენტის დროს აქ ასობით ადამიანი შეიკრიბა და ყველა სწორედ კაზინოების წინააღმდეგი იყო. ისინი ერთხმად აპროტესტებდნენ კაზინოების ფუნქციონირებას. ეს უბედურება მარნეულის სრულ მოსახლეობას აწუხებს,“- განაცხადა ქარიმოვმა.

საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები