18 აპრილი 2024,   07:25
ვრცლად
ფაშისტური, რასისტული ნარატივი - ხიდაშელი ვასაძის განცხადებებზე, შსს-ს მხრიდან ადეკვატური რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობს 

ლევან ვასაძის მიერ ქვეყანაში დაანონსებულ კომბლების რევოლუციას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ეხმაურება.

ხიდაშელისთვის ლევან ვასაძის და მისი ჯგუფის მოწოდებები და ქმედებები ფაშისტურ ნარატივთან ასოცირდება.

„პრობლემა კიდევ უფრო მძაფრდება, როდესაც ხედავ, რომ გეგმაზომიერად, მიზანმიმართულად, პერიოდულად ეს ხალხი აქტიურდება სხვადასხვა თემაზე. ოღონდ ყველა ამ თემას ერთი და იგივე საფუძველი აქვს - ფაშისტური, ტიპიური რასისტული ნარატივი, რომლითაც ისინი იკვებებიან. ჩვენ ვნახეთ შარშან ახალგაზრდების წინააღმდეგ გალაშქრებული ისინი, ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თვის წინ მათ მიერ დაანონსებული სახალხო რაზმები, რომლებიც რესტორნებში ივლიდნენ და მეპატრონეებს აიძულებდნენ, რომ უცხოელებს არ მომსახურებოდნენ და გუშინ ვნახეთ ის, რაც ვნახეთ," - განაცხადა ხიდაშელმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი იხსენებს, რომ ხელისუფლებას არც ერთ მსგავს განცხადებაზე ამ დრომდე რეაგირება არ მოუხდენია. თუმცა ხიდაშელი იმედს გამოთქვამს, რომ შსს ახლა მაინც ადეკვატურად იმოქმედებს.

"ამიტომ, ნარატივი მუდმივად ერთია, ფაშისტურია, შეტევის ობიექტი სხვადასხვა ჯგუფები არიან. არც ერთ წინა შემთხვევაში ხელისუფლების, შსს-ს მხრიდან ადეკვატური პასუხი არ დაგვინახავს. იმედი დავიტოვოთ, რომ ამჯერად მაინც იქნება. იმიტომ, რომ პოლიციას შეუტიეს გუშინ მათ, მაგრამ არ მაქვს განსაკუთრებული მოლოდინი,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ლევან ვასაძის დანაშაულებრივ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე გამოძიება დაიწყო. ბიზნესმენს, რომელმაც გუშინ შექმნა თეთრ რაზმელების ფორმირება და მოხალისე კომბლეების რეგისტრაცია დაიწყო, უახლოეს მომავალში მოუწევს სამართალდამცავ უწყებაში მისვლა.

მისი სახელი და გვარი მართალია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში დაკონკრეტებული არაა, მაგრამ იქ ნათქვამია, რომ ძიება დაწყებულია უკანონო ფორმირებების ჩამოყალიბებისა და ხელმძღვანელობის მუხლით. არანაკლებ სახიფათო იყო ვასაძის მოწოდებებიც, რომელმაც ქვეყანაში ფაქტობრივად კომბლების რევოლუცია დააანონსა.

ამავე თემაზე
დღის ამბები