20 აგვისტო 2019,   08:16
ვრცლად
განსაკუთრებულ საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ - საპარლამენტო უმრავლესობა სერგეენკოს შესაძლო გადაყენებაზე 

სერგეენკოს მინისტრის თანამდებობიდან ხსნიან - ჯანდაცვის მინისტრი „კურიერთან“ ამ ინფორმაციას ფაქტობრივად ადასტურებს და ამბობს, რომ არ გამორიცხავს ის პრემიერმა პოსტიდან გაუშვას. 

მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ამბობს, რომ სერგეენკოს გადაყენების შესახებ ინფორმაცია „რუსთავი2“-სგან შეიტყო.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კი ჯანდაცვის მინისტრის შეცვლის საჭიროებას ვერ ხედავს. თუმცა დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით,  პრემიერის კომპეტენციაა განსაზღვროს ვინ ჰყავდეს გუნდში და ვინ არა.

„განსაკუთრებულ საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. არის მიმდინარე რეფორმები, არის წარმატებები, არის გარკვეული ხარვეზები - ეს სამუშაო პროცესია. ამ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის კომპეტენციაა ვინ ჰყავდეს გუნდში ვინ შეცვალოს, ვინ არ შეცვალოს,“-ამბობს ცქიტიშვილი.

სერგეენკო "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში არ გამორიცხავს, რომ თანამდებობიდან გადააყენონ. ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების გამოცხადების პრეროგატივა პრემიერს აქვს და მის საჯარო განცხადებამდე გადადგომაზე ვერ ისაუბრებს. 

ჯერჯერობით უცნობია როდის დატოვებს ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას. თუმცა ცნობილია ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრფინგი დღეს 14:00 საათზეა ჩანიშნული. არ არის გამორიცხული ბახტაძემ სერგეენკოს გადაყენების შესახებ განცხადება, სწორედ დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები