მმართველი გუნდის ყოფილი წევრი მირიან წიკლაური მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თანამდებობიდან გადაყენება, "ქართულ ოცნებას" დააზარალებს. წიკლაური იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც დავით სერგეენკოს უახლოეს დღეებში თანამდებობიდან გადააყენებენ.
"ქართული ოცნებიდან" "პატრიოტთა ალიანსში" გადასული დეპუტატი მიიჩნევს, რომ სერგეენკო წარმატებული მინისტრია. რაც შეეხება შეფასებას, რომ ჯანდაცვის მინისტრს მთავრობის შემადგენლობიდან ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით უშვებენ, წიკლაური ამბობს, რომ ივანიშვილი პრემიერი აღარ არის, შესაბამისად გადაწყვეტილებას ცვლილებებთან დაკავშირებით ალბათ, მოქმედი მეთაური, მამუკა ბახტაძე იღებს.
„ვფიქრობ, ეს "ქართულ ოცნებას" დააზარალებს, იმიტომ რომ ისეთი წარმატებული მინისტრების ჩამოცილება როგორიც სერგეენკოა ვფიქრობ არ წაადგება საქმეს,“-ამბობს წიკლაური.
სერგეენკო "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში არ გამორიცხავს, რომ თანამდებობიდან გადააყენონ. ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების გამოცხადების პრეროგატივა პრემიერს აქვს და მის საჯარო განცხადებამდე გადადგომაზე ვერ ისაუბრებს.
ჯერჯერობით უცნობია როდის დატოვებს ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას. თუმცა ცნობილია ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი დღეს 14:00 საათზეა ჩანიშნული. არ არის გამორიცხული ბახტაძემ სერგეენკოს გადაყენების შესახებ განცხადება, სწორედ დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთოს.