22 სექტემბერი 2019,   06:36
ვრცლად
ლევან ვასაძემ სახალხო ლეგიონის შექმნა დაიწყო - დაჯგუფებაში მოსახვედრად რეგისტრაციას ვერის ბაღში გადიან

ლევან ვასაძემ სახალხო ლეგიონის შექმნა დაიწყო - სახალხო რაზმში გაწევრიანების მსურველთა რეგისტრაცია, ამ წუთებში, ვერის ბაღში მიმდინარეობს.

ის პირები, ვინც დაჯგუფებაში გასაწევრიანებლად დღეს ვერის ბაღში მივიდა ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა „თბილისი პრაიდი“ არ ჩატარდეს. მათი მთავარი მიზანია, ბრძოლა გამოუცხადონ ყველას, ვინც იცავს სექსუალური უმცირესობების უფლებებს ან წარმოადგენს ლგბტ თემს.

„ბევრი ქართველი გამოვა ამ ბოროტების, გარყვნილების და ავადმყოფობის წინააღმდეგ... ამ ყველაფერს სიმბოლური დატვირთვა აქვს. რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები, ჩვენი შვილების და შვილიშვილების ბედნიერი მომავალი. მშვიდობიანი ფორმით. წამოვიდნენ, გადაგვიარონ, ჩვენ არავისთან არ მივდივართ და არ გადავუვლით,“ - ამბობს ვასაძის დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი.

კითხვაზე, რა ფორმით აპირებენ ისინი ბრძოლას, კონკრეტული პასუხი არ აქვთ. ამბობენ, რომ ძალადობის მომხრეები არ არიან, თუმცა იმასაც აცხადებენ, რომ თუ საქმე-საქმეზე მიდგა დაპირისპირებას არ გამორიცხავენ.

„თეორიულად როგორ უნდა მოვიქცე ვიცი, მაგრამ საქმე საქმეზე, რომ მივა, შეიძლება ლაჩრობისგან და შიშისგან უკან გავიქცე, თუმცა, დამიფაროს ღმერთმა, ამის გაკეთება ნამდვილად არ მინდა,“ - განაცხადა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა.

რაც შეეხება დაჯგუფების შექმნის შესახებ ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, დღეს ცნობილი გახდა, რომ შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. თუმცა ვერის ბაღში, სადაც ამ წუთებში ვასაძის „სახალხო ლეგიონში“ რეგისტრირდებიან პოლიცია არ გამოჩენილა.

როგორც იქ შეკრებილები ამბობენ, არ აქვთ ინფორმაცია, დაიკითხა თუ არა რომელიმე მათი მხარდამჭერი, ან თავად ლეგიონის შექმნის იდეის ავტორი.

დღის ამბები