19 ივლისი 2019,   06:34
ვრცლად
„თბილისი პრაიდი" და ღონისძიების ავტორთა უსაფრთხოება - შსს-ში შეხვედრა იმართება

მიეცემათ თუ არა ლგბტ თემის წევრებს „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების შესაძლებლობა - ამ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა იმართება.

შეხვედრას, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, შს სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე „თბილისი პრაიდის“ წევრები და ომბუდსმენი ესწრებიან. საუბრის მთავარი თემა კი დაგეგმილ ღონისძიებაზე უსაფრთხოების დაცვის საკითხია. 

სახალხო დამცველის განცხადებით, მას აინტერესებს, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს  სამართალდამცავი უწყება იმისთვის, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება იქნას დაცული. გარდა ამისა, ომბუდსმენი აქცენტს გუშინ, ვერის ბაღში, ლევან ვასაძისა და მისი მხარდამჭერების მიერ მუქარის შემცველ განცხადებებზეც გააკეთებს. 

„პირველ რიგში, მე მაქვს შეკითხვები, რის გაკეთებას აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მოვისმინეთ, რომ დაიწყო გამოძიება, თუმცა როგორ მიმდინარეობს, რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებენ, რა პრევენციული ღონისძიებების გატარებას აპირებენ, რომ ის დანაშაულებრივი მოწოდებები რაც გაისმა, არ შესრულდეს. ეს არის ჩემი მთავარი შეკითხვა და შემდეგ უკვე ამ რისკებიდან გამომდინარე ალბათ უნდა ვისაუბროთ შესაძლებელი იქნება თუ არა კონკრეტული ჯგუფის მიერ მოხდეს უსაფრთხო გარემოში გამოხატვის თავისუფლების რეალიზება“ - აცხადებს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველ ამბობს, რომ ეს არის კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც როგორც ლგბტ თემის, ასევე უფლებადამცველი ორგანიზაციების, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების მიმართ მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებენ. ომბუდსმენის თქმით, აღნიშნული პირები იდენტიფიცირებულები არიან და ის დღეს შეეცდება მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიიღოს. 

„მე ამ მუქარებსაც ჩემი და სხვა პირების მიმართ, განვიხილავ იმ საერთო სურათის და ჭრილის ფარგლებში, რაზეც ვსაუბრობდი. ეს არის ნამდვილად კრიმინალური ტიპის დაჯგუფება, რომელიც ემუქრება ადამიანებს სიცოცხლის მოსპობით და თავისუფლების უკანონო აღკვეთით. ეს პირები, როგორც მე ვიცი არიან იდენტიფიცირებულები. მე დღეს მოვედი ასევე, რომ გავარკვიო დამატებითი დეტალები მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

დღის ამბები