19 აგვისტო 2019,   02:34
ვრცლად
LGBT უფლებების დამცველნი, ხელშემწყობნი, იმ ძალების ინტერესებს ემსახურება, რომლებიც საქართველოს დასავლური ორიენტაციის წინააღმდეგია - საპატრიარქო

არაერთ ძალას სურს, ჩვენთან არსებული LGBT მცირე ჯგუფი გამოიყენოს გარკვეული მიზნებისათვის - საპატრიარქო “თბილისი პრადისა“ და მის მიერ დაგეგმილი ღონისძიების ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, საგანგებო განცხადებით ეხმაურება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ  გარკვეული ძალის მოქმედებაში იკვეთება, როგორც პოლიტიკური ორიენტირები, ასევე ეკლესიის სახელის შელახვის სურვილიც. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „თბილისი პრაიდის“ ჩატარება ტრადიციების მიმდევარ  მოქალაქეებში სამართლიან პროტესტს აჩენს.  

„როდესაც ლაპარაკობენ გამოხატვის თავისუფლებაზე, რატომღაც არ ამბობენ, რომ საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო კანონმდებლობით ეს თავისუფლება, როგორც არააბსოლუტური, შეიძლება შეიზღუდოს, თუ იგი ეწინააღმდეგება ქვეყანაში არსებულ მორალურ ღირებულებებს და ქმნის რეალურ საშიშროებას ხალხში დაპირისპირებისა და შფოთისათვის. ხელისუფლების ვალია, მიიღოს ზომები ქვეყანაში სიმშვიდის დასაცავად,“- ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებაში ასევე წერია, რომ სასულირო პირები ყველანაირი სახის ძალადობას ემიჯნებიან. სასულიერო პირები ფიქრობენ, რომ LGBT თემის უფლებების დამცველნი და ხელშემწყობნი იმ ძალების ინტერესებს ემსახურება, რომლებიც საქართველოს დასავლური ორიენტაციის წინააღმდეგია.

„ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია და დღესაც ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, ძალადობისაკენ მოწოდებას და სიძულვილის ენას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს.

"ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ ისიც, რომ LGBT ჯგუფების აქტივობების ორგანიზატორები და ხელშემწყობნი, ჩვენი აზრით,  იმ ძალების წისქვილზე ასხამენ წყალს, რომელნიც ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას ეწინააღმდეგებიან.

"იმედი გვაქვს, რომ საქართველოში აკრედიტირებული საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები გაითვალისწინებენ ამ რეალობას და მათი ძალისმევა ხელს შეუწყობს სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებას. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არაერთხელ განუცხადებია თავისი მხარდაჭერა ქვეყნის დასავლურ ორიენტაციასთან მიმართებაში, რადგან ვიცით, რომ ერთიანი ევროპული ოჯახისაკენ სწრაფვა არ ნიშნავს ეროვნულ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, თვითმყოფადობაზე უარის თქმას. მოვუწოდებთ პროცესში ჩართულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს,  ნუ დაუკარგავენ ამ განწყობას საქართველოს მოსახლეობას,“-წერია განცხადებაში.

დღის ამბები