ჯგუფური ძალადობა - ფოთში დაკავებულ სამ მწვრთნელს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. თეიმურაზ კვირაიას, იოსებ ოსიძეს და მამუკა გეგეშიძეს ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურად ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ადვოკატების ინფორმაციით, აღნიშნული მუხლი ასე ითვალისწინებს ჯარიმას და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ დაკავებულს ექიმის დახმარება დასჭირდა, თუმცა ამ ეტაპზე სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
თუ როდის იმსჯელებს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ჯერ უცნობია. 16 ივნისს, ფოთში ტაეკვანდოს ღია ჩემპიონატზე ინციდენტი ტაეკვანდოს მწვრთნელებსა და ტაეკვანდოს ფედერაციის გამგეობის წევრს, გიორგი აბულაძეს შორის ჩემპიონატზე დაიწყო, რაც მოგვიანებით დარბაზის გარეთ გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მწვრთნელების თქმით, აბულაძე მათ უცენზურო სიტყვებით მიმართავდა და პროვოკაცია შეგნებულად მოაწყო.