20 ივლისი 2019,   10:04
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლება დავაყენეთ ტესტის ქვეშ - გიორგი თაბაგარი

„ღირსების მარში არის პოლიტიკური ღონისძიება, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სათქმელი სახელმწიფოსთვის, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ჩვენ ეს ღონისძიება გვინდოდა, გამოგვეყენებინა მხოლოდ ამ მიზნით,“ - ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა გააკეთა.

„არჩევანის“ ეთერში საუბრისას თაბაგარმა აღნიშნა, რომ პრაიდის მიზანს ბევრ პრობლემაზე საუბარი წარმოადგენს. 

„ჩვენ ამ ყველაფერზე გვინდოდა, გვესაუბრა, გამოგვეყენებინა პოლიტიკური ველი ამისთვის და ჩვენ ზუსტად ამას ვაკეთებთ და ჩვენ გვინდა, რომ ეს პრობლემები გადაჭრილ იქნას, საზოგადოებამდე მივიტანოთ სათქმელი და ამავე დროს, მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ უფრო მეტი გააკეთოს სისტემის დონეზე იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ შეკრების და მანიფესტაციის უფლება. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც შეიძლება იყოს ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებული,“ - განაცხადა თაბაგარმა.

თაბაგარი ამბობს, რომ 2013 წლის 17 მაისის შემდეგ ხელისუფლებას ლგბტ თემის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

თაბაგარი ასევე გამოეხმაურა შსს-ს ოფიციალურ განცხადებას, როდესაც უწყებამ განაცხადა, რომ პრაიდის კვირეულის ფარგლებში მსვლელობის დროს ლგბტ თემის დაცვას ვერ უზრუნველყოფს.

„რიგითი პოლიციელები მუშაობდნენ კარგად, ამას ხაზი უნდა გაესვას, იყო რაღაც გადაცდომები, მაგრამ იმ სამთავრობო დონეზე, როდესაც პრემიერმინისტრი სამარცხვინო განცხადებას აკეთებს და ერთ ჭრილში განიხილავს მოძალადე ჯგუფებს და საუბრობს, თითქოს, ლგბტ ადამიანებს პრობლემები არ აქვთ, როდესაც კრიზისი არის ქვეყანაში და საერთოდ, დამხობით ემუქრებიან ხელისუფლებას და ინსტიტუციების ჩამოშლის დონეზე ვართ მისული, ამ დროს საუბარი იმაზე, რომ პრობლემები არ არის ქვეყანაში და რაღაც გარედან შემოტანილია ეს ყველაფერი, არის თვალებში ნაცრის შეყრა. იგივე გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმაც, რომელმაც ასევე სამარცხვინო განცხადება გააკეთა,“ - განაცხადა თაბაგარმა.

გიორგი თაბაგარმა კრიზისული სიტუაციის ფონზე ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებები და განცხადებები გააკრიტიკა. მან ასევე, გააკრიტიკა საპატრიარქოს მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რადგან თაბაგარმა ეპარქიებიდან ხალხის მობილიზება არ გამორიცხა.

„სახელმწიფო ინსტიტუციები არის საფრთხის ქვეშ, ლევან ვასაძე არის სერიოზული პრობლემა ამ ქვეყნისთვის და მათ შორის, ის საეკლესიო პირები, რომლებიც პირდაპირ ძალადობისკენ მოუწოდებენ და ატარებენ რუსეთის პოლიტიკას ამ ქვეყანაში. დანაშაულია, ეს ადამიანი უნდა იყოს ციხეში, რამდენიმე მუხლი შეესაბამება მას და ის ადამიანი არ უნდა დადიოდეს გარეთ და უკანონო ბანდფორმირებებს არ უნდა კრებდეს... ჩვენ საქართველოს ხელისუფლება დავაყენეთ ზუსტად იმ ტესტის ქვეშ, რომ ჩვენ ახლა უნდა გავაკეთოთ არჩევანი, გვინდა ვიყოთ დემოკრატიული, დასავლური სახელმწიფო, შემდგარი, სადაც ადამიანის უფლებებს იცავენ, თუ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს უკან რუსეთისკენ, ან ვხდებით აზერბაიჯანი ან თურქეთი.

„არ გვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება, რომ დღეს საქართველოში სამოქალაქო ომი მოხდეს, ყველამ უნდა გააკეთოს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ მოძალადე ჯგუფებმა, ასევე და იმ ადამიანებმა, რომლებიც ტყუვდებიან ამ ლიდერებით, სანდრო ბრეგაძით, ლევან ვასაძით და ვიღაც პრორუსი საშინელი ადამიანებით, რომლებიც ანგრევენ ამ ქვეყანას და ამ ყველაფერს თუ სახელმწიფომ დღეს არ გასცა კონკრეტული პასუხი, ჩვენ ზეგ გავიღვიძებთ Handmaid"s Tale-ში, სადაც თეოკრატია იქნება.

„ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება ახლა, რომ იქ რაღაც საშინელება დაგვემართოს და ამ ადამიანებს იქ თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეთ, ეს იქნება ძალიან დიდი სირცხვილი, უკვე ძალიან დიდი კამპანია არის აგორებული ამ თემაზე, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც არ გვინდა, რომ სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ იქნას გამოყენებული,“ - განაცხადა თაბაგარმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები