19 აპრილი 2024,   14:55
ვრცლად
თუ იძახი, რომ ვარ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც მოქალაქემ მისცა ხმა, მაშინ რა პრობლემაა, დაიცვა მოქალაქის ინტერესები - გრიგოლ ვაშაძე

„ხელისუფლების ყველაზე მთავარი ფუნქცია არის, რომ ადამიანის კონსტიტუციური უფლებები დაიცვას, ამის შემდეგ ყველაფერი არის დეტალები,“ - ამ განცხადებით ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე თბილისის პრაიდის დაგეგმილ ღონისძიებას.

გრიგოლ ვაშაძე შსს-ს ოფიციალურ განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ სამართალდამცავი უწყება ვერ შეძლებს მსვლელობის დროს მოქალაქეების დაცვას, ვაშაძისთვის გაუგებარია, რატომ გააკეთა შსს-მ ეს განცხადება.

„რატომ არ აკეთებს ამას ხელისუფლება, ეს უკვე სხვა საკითხია. შეიძლება არ შეუძლია, შეიძლება არ უნდა, არ ვიცი, რატომ არ უნდა ან რატომ არ შეუძლია, როდესაც გამართული სამართალდამცავი ორგანოები ჰყავს,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონია და ხელისუფლება პრობლემებს ვერ უმკლავდება.

„შენ თუ იძახი, რომ ვარ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ვითომდა, საქართველოს მოქალაქემ მისცა თავის ხმა, მაშინ რა პრობლემა არის, გინდა პირველ შემთხვევაში და გინდა მეორეში, დაიცვას საქართველოს მოქალაქის ინტერესები და კონსტიტუციური უფლებები. თუ ამის თავი არ გაქვს, მაშინ რატომ ცდილობ ხელისუფლებაში იყო, მარტო იმიტომ, რომ სახელმწიფო ტენდერები დახერხო და შენი ნათესავები მოაწყო სახელმწიფო სამსახურში? დღეს, ხომ საქართველოს ყველა მოქალაქემ, ვინც არ არის რეჟიმთან დაკავშირებული, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება არ არის, ეს არის რეჟიმი, ყველამ მშვენივრად იცის, რომ სახელმწიფო აღარ გვყავს, ის არის მიტაცებული, აღარ გვყავს მთავრობა, ჩვენ გვყავს ადამიანების დაჯგუფება, კრიმინალური, რომელსაც ერთადერთი აზროვნების მიზეზი და საბაბი აქვს, რაც შეიძლება მეტი ფულის ჩატენვა ჩემოდანში, სანამ ქვეყნიდან გაიქცევიან, როდესაც არჩევნებს წააგებენ,“ - განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები