25 აპრილი 2024,   21:33
ვრცლად
რუსეთის აგრესია და მოსკოვის მიერ „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" ევროპაში გავლენისთვის გამოყენება - საკითხი აშშ-ს კონგრესში განიხილეს

რუსეთის აგრესია რეგიონში და მოსკოვის მიერ „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" ევროპაში გავლენისთვის გამოყენება - საკითხი აშშ-ის კონგრესში განიხილეს. საქმე ეხება გერმანიაში  ბუნებრივი აირის უკრაინის გვერდის ავლით მიწოდებას.

ახალი რუსული გაზსადენის პროექტზე სასაუბროდ ადმინისტრაციის წარმომადგენლები და დიპლომატები მიიწვიეს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს რუსული გაზსადენის პროექტი უკრაინისთვის და ზოგადად სტაბილურობისთვის ევროპაში.

სპეციალისტების აზრით, უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენთა სისტემა ამ ქვეყანაში მოსკოვის დამატებითი აგრესიის შემაკავებელი ფაქტორია.

 „ჩრდილოეთ ნაკადი 2" უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის პოლიტიკური იარაღის ნაწილია. დასრულების შემდეგ ის საშუალებას მისცემს რუსეთს, გვერდი აუაროს უკრაინას, როგორც ევროპის მიწოდებისთვის ტრანზიტულ მარშრუტს. „ჩრდილოეთ ნაკად 2-ს" სამხედრო და უსაფრთხოების მიზნები აქვს. უკრაინის გაზსადენები დეფაქტო რუსეთის სამომავლო სამხედრო აგრესიის შემაკავებელ როლს ასრულებს. ამ გაზსადენებში რუსული გაზის გატარების გარეშე დამთავრდება აგრესიის შეკავებაც,”- განაცხადა ბრუკინგზის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა, ალინა პოლიაკოვამ.

ბუნებრივი აირის ტრანზიტზე უკრაინას და რუსეთს შორის ხელშეკრულებას ვადა წლის ბოლოს გასდის. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უკრაინის გაზსადენის მუშაობის შეჩერებაზე უარი თქვა, სპეციალისტები ამბობენ, რომ დეკემბრის ბოლოს ამ გაზსადენებში ბუნებრივი აირი მაინც შეწყდება.

სპეციალისტებმა, მათ შორის ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის პრეზიდენტმა, მოუწოდეს ამერიკის მთავრობას, „ჩრდილოეთ ნაკად 2“ -ს სანქციები დაუწესოს. ადმინისტრაცია ამ საკითხზე ფიქრობს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ადმინისტრაციის წარმომადგენელი უკრაინის მოლაპარაკების საკითხებში კურტ ვოკერი ვაშინგტონის მიერ გერმანელებთან პროექტის შესახებ მოლაპარაკების დაბალ შანსებზე საუბრობს.

“ვფიქრობ, ჩვენ გერმანიასთან ამ საკითხზე ისევ უთანხმოება გვექნება. ახლა გერმანია იმდენად ვალდებულია, ამ პროექტის მიმართ, რომ ჩვენთან შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა ძალიან მცირეა. თუმცა დროთა განმავლობაში ეს შეიძლება შეიცვალოს. გერმანიაში მომდევნო წლებში არჩევნები ჩატარდება. კანცლერმა მერკელმა განაცხადა, რომ ის პოსტიდან მიდის. თუმცა განსხვავებული აზრის მქონე გერმანელებს, მათ შორის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, აწუხებთ „ჩრდილოეთ ნაკადი 2". ვნახავთ, როგორ განვითარდება გერმანიაში მოვლენები, თუმცა ამ დროისთვის მისი პოზიცია მტკიცეა და ამერიკის აზრი კი განსხვავებული,” - განაცხადა ვოკერმა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ ოკუპაცია გრძელდება,  მომხსენებელთა ნაწილმა კონგრესს ნატოს გაფართოების საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციებიც მისცა. ჯიმ კარაფანომ თქვა, რომ უკვე არსებობს ლიუქ ქოფის გეგმა საქართველოსთან დაკავშირებით ამ საკითხის მოსაგვარებლად. ქოფის ინიციატივა გულისხმობს მთლიანი ქვეყნის შეყვანას ნატოში, თუმცა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ალიანსის მეხუთე მუხლის გავრცელების გარეშე.

დღის ამბები