14 ოქტომბერი 2019,   11:10
ვრცლად
ნინოშვილის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული - ვასაძის მხარდამჭერები "თბილისი პრაიდის" ოფისის დალუქვას მოითხოვენ 

თბილისში, ნინო რამიშვილის ქუჩაზე, იქ სადაც ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ ოფისი მდებარეობს, პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.  უსაფრთხოების ზონების განსაკუთრებული დაცვა და ადგილზე პოლიციის მობილიზება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ადგილზე ლევან ვასაძის მხარდამჭერები და თანამოაზრეები მივიდნენ.

შეკრებილები ოფისში შესვლას ცდილობენ, თუმცა მათ ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს. სამართალდამცველებს კორდონი აქვთ გაკეთებული.

„თქვენ რაც გაინტერესებთ, იმას არ ვაპირებთ. შევარდნებსრაღაცეების დამტვრევებს. ჩვენ არ ვართ მოძალადეები. მოვედით, ვაპროტესტებთ ამ გარყვნილების ბუდეს, სადაც იხარშება საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმები უცხოეთიდან. უცხო ქვეყნებიდან ხდება ამ იდეის და ამათი საქმიანობის დაფინანსება“ - განაცხადა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა ”ქართული იდეის” თავმჯდომარე ლევან ჩაჩუამ. 

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს მოუწოდებენ, მოხდეს "თბილისი პრაიდის" ოფისის დალუქვა.  

„ჩვენ ვთხოვთ მთავრობას, რომ დაილუქოს სიბინძურის და დესტაბილიზაციის ბუდე. ჩვენ არავის არ ვუვარდებით სახლში. ბავშვები იყვნენ დაცული მავნე ზეგავლენისგან და ვერავინ ვერ მეტყვის, რომ პროპაგანდა არ არის მავნე ზეგავლენა ბავშვებზე. სწორედ ამას ეწევიან ისინი. თუ კანონს მოიხმობენ და კანონის ჩარჩოებში ჩაჯდებიან და დახურავენ, თუ დაემორჩილებიან რაღაცა დირექტივებს და უკანონობას, მაშინ არ დახურავენ.... თუ პოლიცია 9 აპრილივით დაგვერეოდა და წიხლებით დაგვხოცავდა, ტყვიას გვესროდა, ეს თუ მოხდება, თქვენ ხართ გარანტირებული, რომ თუ ხალხს დაერევა პოლიცია და მოკლავს ჰომოსექსუალიზმის გამო, ხალხო რას იზამს?“ - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

ნინოშვილის ქუჩაზე იმყოფებიან სასულიერო პირებიც, რომლებიც ჯერჯერობით, მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. ამბობენ, რომ ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

რაც შეეხება თავად "თბილისი პრაიდის" ოფისს, ის ამ დროისთვის დახურულია და შენობაში არავინ იმყოფება.

დღის ამბები