25 აპრილი 2024,   05:08
ვრცლად
„მე მხოლოდ პატივისცემა შემიძლია, გამოვხატო უკრაინის ელჩის მიმართ" - თამარ ჩუგოშვილი

„მე მხოლოდ პატივისცემა შემიძლია, გამოვხატო უკრაინის ელჩის მიმართ,“ - ეს განცხადება პარლამენტის ვიცესპიკერმა  იგორ დოლგოვის მისამართით გააკეთა, რომელმაც ის ასამბლეა პროტესტის ნიშნად დატოვა, სადაც სიტყვით რუსეთის დუმის დეპუტატი გამოდიოდა.

„ქართულ ოცნებაში“ უკრაინის ელჩის ქმედების შეფასება უჭირთ. თამარ ჩუგოშვილი მხოლოდ იმას ამბობს, რომ იგორ დოლგოვს პიროვნულად პატივს სცემს.

„მე მას კარგად ვიცნობ და საკმაოდ კარგი თანამშრომლობა მაქვს მასთან. რაც შეეხება, იმ საპარლამენტთაშორისო ასამბლეას, წელს საქართველოში ტარდება და ვინაიდან იქ რუსი პარლამენტარებიც არიან გაწევრიანებულები, ამან გამოიწვია ის უსიამოვნება, რომელსაც ადგილი აქვს,“ - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

ოპოზიციის ბრალდებაზე, რომ ფორუმის ჩატარებით, რომელშიც რუსეთიც მონაწილეობს, ხელისუფლებამ უკრაინას, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს შეურაცხყოფა მიაყენა, ჩუგოშვილმა ნონსენსი უწოდა.

„ამ საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინაც არის გაწევრიანებული და არ არის გამორიცხული, ერთხელაც უკრაინამ უმასპინძლოს ამ ფორუმს,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დღის ამბები