21 სექტემბერი 2019,   09:52
ვრცლად
"თავმოყვარე და საკუთარი ქვეყნის პატრიოტი დიპლომატის საქციელი" - ოპოზიცია უკრაინის ელჩის მიერ ასამბლეის დატოვებას აფასებს

ეს იყო გაკვეთილი "ქართული ოცნებისთვის" - ასე აფასებს ოპოზიცია უკრაინის ელჩის მიერ პროტესტის ნიშნად იმ ასამბლეის დატოვებას, სადაც სიტყვით რუსეთის დუმის დეპუტატი გამოდიოდა. 

იგორ დოლგოვმა ამ ფორმით საკუთარი ქვეყნის ინტერესები დაიცვა, რომლის ოკუპაციაც რუსეთის მხრიდან ახლაც გრძელდება. ოპოზიციის თქმით, ელჩმა საკუთარი ქვეყნის ღირსება დაიცვა. 

„ეს იყო ძალიან სწორი საქციელი, თავმოყვარე და საკუთარი ქვეყნის პატრიოტი დიპლომატის. საქართველოს რომ ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც ან თავმოყვარეა, ან პატრიოტია, ან რეალურად უპირისპირდება რუსეთს ოკუპაციას, რა თქმა უნდა, რომ არ შემოუშვებდა ზოგადად ქვეყანაში ისეთ რუს პოლიტიკოსებს, რომლის ჩვენს ქვეყანაში და ამ ასამბლეაში მონაწილეობამ დისკომფორტი შეუქმნა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე და მეგობარი ქვეყნის დიპლომატს,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციის წევრები უკრაინის ელჩს მადლობას უხდიან და მის მიერ ასამბლეის პროტესტის ნიშნად დატოვებას გაბედულ ნაბიჯს უწოდებენ.

„ერთია, რომ გავრილოვი მონაწილეობდა ქართველთა სისხლისღვრაში და მისი შემოშვება არის თავისთავად პოლიტიკური განაცხადი „ქართული ოცნების“ მხრიდან, მაგრამ მისი შემოშვება ასევე არის უკრაინის სუვერენიტეტის შეურაცხყოფა. ფაქტობრივად, კრიზისი გამოიწვია ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში. ასეთი დემარში არის ექსტრაორდინალური ნაბიჯი ნებისმიერი ქვეყნის ელჩის მხრიდან,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები