19 აპრილი 2024,   15:47
ვრცლად
ბოიკოტი ასამბლეას - ოპოზიცია რუსი დეპუტატების ვიზიტს აქციით გააპროტესტებს

საერთაშორისო ასამბლეის მეორე დღეც, რომელიც ამჯერად პარლამენტში ჩატარდება, საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის. „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რუსთაველის გამზირზე პლაკატებით მივლენ.

ასამბლეას ბოიკოტი ოპოზიციამ გუშინვე გამოუცხადა. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ქვეყნის მტრების მონაწილეობით საქართველოში ასამბლეის ჩატარება სამარცხვინოა.

„ადამიანი, რომელიც აღაირებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას და საქართველოს მოსახლეობასაც ურჩევს, რომ შეეგუოს ამ რეალობას, დღეს იმყოფება საპატიო სტუმართა სიაში ამ ფორუმზე. ეს არის ქვეყნის სირცხვილი. ჩვენ არანაირი სურვილი არ გაგვაჩნია ამ ადამიანის გვერდით ყოფნა ნებისმიერ ფორუმზე,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზალიკო უდუმაშვილმა.

ოპონენტები ხელისუფლებას საქართველოში რუსი დეპუტატების შემოშვების გამო მკაცრად აკრიტიკებენ.

„ამ ადამიანების მიმართ იმ დამოკიდებულების აღება, რომ მათი შემოშვება არის მნიშვნელოვანი და კარგი, ეს არის კიდევ ერთხელ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ჯამში ჩვენ გვასუსტებს რუსეთთან მიმართებაში. ეს არის ის გზავნილი, რომელიც რუსეთს აქვს, რომ ჩვენ ვართ ერთმორწმუნე ძმები და ჩვენ შორის არანაირი პრობლემა არ არის და უნდა შევეგუოთ ახალ რეალობებს. მსგავსი ნაბიჯებით, ჩვენ ამას ვაჩვენებთ, რომ სამწუხაროდ, თურმე, ვეგუებით ამ ე.წ. ახალ რეალობას,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები