20 აპრილი 2024,   05:56
ვრცლად
"ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია ჩვენი სახელმწიფოს შეურაცხყოფა გავრილოვის ჩამოსვლის სახით - ხოშტარია 

„ევროპული საქართველო“ ხელისუფლების პასუხიმგებლობას ითხოვს. პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ და ყველა იმ პირის დასჯა მოითხოვეს, ვინც მართლმადიდებლური საპარლამეტთაშორისო ასამბლეის ორგანიზებაში მონაწილეობდა.

საერთაშორისო ღონისძიება პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართა. ოპოზიციის და მოსახლეობის პროტესტი რუსი დეპუტატების მიერ სხდომის გახსნამ გამოიწვია.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია ჩვენი სახელმწიფოს შეურაცხყოფა გავრილოვის ჩამოსვლის სახით. პასუხისმგებელი ფორმალურად არის ირაკლი კობახიძე, რომელმაც დაუშვა, რომ იმ სავარძელში ჩამჯდარიყო სერგეი გავრილოვი. კობახიძის გადადგომა არის აუცილებელი. ეს არ არის პოლიტიკური აქცია, ქართული საზოგადოება არ კამათობს იმაზე, უნდა მიგვაღებინოს თუ არა ხელისუფლებამ შეურაცხყოფა. „ქართულ ოცნებას“ ამ შეურაცხყოფის სანაცვლოდ ქართველი ხალხი გადაახდევინებს საფასურს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„ევროპული საქართველო“ მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„ხელისუფლებას ჰქონდა საშუალება არ შემოეშვა ეს ხალხი საზღვარზე. უპირველეს ყოვლისა, ქუცნაშვილია პასუხისმგებელი, მან უნდა დატოვოს პარლამენტის მანდატი. მეორე კობახიძე, რომელიც ინსტიტუციური მასპინძელია ამ ღონისძიების. შემდეგ ბატონი გახარია, რომლის გარეშეც დიპლომატების შემოშვების გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მოვიდეს, რათა ბატონ ივანიშვილს არ შერჩეს მომხდარი, ბოდიში არ კმარა, პასუხისმგებელმა პირები უნდა დაისაჯონ“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატები გუშინ ჩამოვიდნენ. დღეს, ანტიქართული განწყობის მქონე კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვი ასამბლეის წევრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა.

ამ ფაქტმა საზოგადოების განსაკუთრებული პროტესტი გამოიწვია. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები სხდომათა დარბაზში დემარშით შევიდნენ და რუს დეპუტატებს სხდომის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს.

სერგეი გავრილოვსა და მის კოლეგებს სასტუმროც დაატოვებინეს და აეროპორტში გაძლიერებული დაცვის ესკორტით გადაიყვანეს. 

დღის ამბები