23 აპრილი 2024,   14:28
ვრცლად
"ის ადამიანები უნდა გადადგნენ, ვინც ეს პიროვნება შემოუშვა საერთოდ საქართველოში- მღვდელმონაზონი ანდრია სარია გავრილოვზე 

„პირველ რიგში, ის ადამიანები უნდა გადადგნენ და იმ ადამიანებმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღონ, ვინც ეს პიროვნება შემოუშვა საერთოდ საქართველოში,“ - ეს განცხადება, მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ გააკეთა.

ანდრია სარია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება, სადაც საზოგადოება რუსი დეპუტატების თბილისში ვიზიტს აპროტესტებს.

მღვდელმთავრის თქმით, რუსეთი მართლმადიდებლობის მეშვეობით საქართველოში შემოღწევას ცდილობს.

„კომუნისტური პარტიის წარმომადგენლის მხრიდან, რაიმე მართლმადიდებლობაზე საუბარი ცოტა არ იყოს უხერხულიც კი არის და რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა არის ყველა იმ ადამიანისა, ვინც ეს პიროვნება შემოიყვანა საქართველოში და ოკუპანტი ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეურაცხყოფდა თავისივე განცხადებებით, ეს ადამიანი დაგვისვეს პირდაპირ საქართველოს ცენტრში. ხელახალი ოკუპაციაც შეიძლება ეწოდოს ერთგვარად იმ ადამიანების მხრიდან წახალისებული, რომლებიც წინ მოუძღოდნენ გავრილოვს და მის მეგობრებს. ჩვენთვის დასაგმობია, არანაირი მართლმადიდებლობა აქ არ ჩანს,“ - განაცხადა ანდრია სარიამ.

მღვდელმთავარი ამბობს, რომ თუ რუსეთს რამის დამტკიცება სურს, მაშინ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება აღარ უნდა მოხდეს.

„მართლმადიდებლობა იქნება პირველ რიგში, რომ მართლმადიდებლურ ქვეყანას თავისი ტერიტორიები დაუბრუნოს. არათუ ტერიტორიებს გვიბრუნებენ, პირიქით, დაგვცინიან ასეთი ქმედებებით. ეტაპობრივად, ნელ-ნელა მათ ალბათ, განზრახული აქვთ, რომ შეგვაჩვიონ, თითქოს ეს ტერიტორიები, რაც ჩვენ დავკარგეთ, შევეგუებით ამას მათი შემოსვლით, თუ ვითომ დაგვიძმობილდებიან, მაგრამ ჩვენ ამას არასდროს არ შევეგუებით, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ტერიტორიებს,“ - განაცხადა მამა ანდრია სარიამ.

დღის ამბები