რუსი დეპუტატების ჩამოსვლას თბილისში რუსთაველის გამზირზე საკმაოდ ბევრი ადამიანი აპროტესტებს. აქციაზე მყოფი ირაკლი საღინაძე პარლამენტის წინ მისვლის მიზეზებზე საუბრისას ამბობს, რომ ხელისუფლებამ ქართული სახელმწიფო ხელყო.
„ეს არ იყო პირველი შემთხვევა, უბრალოდ დღეს იმდენად დემონსტრაციული სიმბოლო მივიღეთ, რომ ეს უკვე ჩემი აზრით, ყველანაირ ზღვარს გადასცდა და ხალხსაც, ხელისუფალსაც მინდა მივმართო ერთი მარტივი თხოვნით - არ მივცეთ არავის საშუალება, პირველ რიგში, იმათ, ვისაც ჩვენ ვუხდით ხელფასს, რომ ჩვენი თავისუფლების უფლება გათელოს და ღირსებას ფეხი დააბიჯოს,“ - განაცხადა ირაკლი საღინაძემ.
აქციაზე ასევე იმყოფება ნინია კაკაბაძე, რომელიც ამბობს, რომ ხალხი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უნდა თანხმდებოდეს იმაზე, რომ რუსეთი ოკუპანტია.
„წარმოუდგენელი, არნახული პრეცედენტი იმისა, როგორ ჩაგვაფურთხეს სულში, როგორი შეურაცხყოფა მოგვაყენეს, როგორ დაგვამცირეს, დაგვცინეს ყველამ ერთად, სამწუხაროდ, ქართულმა ოცნება ამ რუს დეპუტატებთან ერთად... მგონია, რომ რუსეთი რომ ოკუპანტია და რუსეთი, რომ ჩვენი მტერია, ეს არის ის საკითხი, რომელზეც ყველანი უნდა ვთანხმდებოდეთ,“ - ამბობს კაკაბაძე.
კაკაბაძის შეფასებით, აღნიშნულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატები გუშინ ჩამოვიდნენ. დღეს, ანტიქართული განწყობის მქონე კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვი ასამბლეის წევრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა.
ამ ფაქტმა საზოგადოების განსაკუთრებული პროტესტი გამოიწვია. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები სხდომათა დარბაზში დემარშით შევიდნენ და რუს დეპუტატებს სხდომის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს.
სერგეი გავრილოვსა და მის კოლეგებს სასტუმროც დაატოვებინეს და აეროპორტში გაძლიერებული დაცვის ესკორტით გადაიყვანეს.