25 აპრილი 2024,   14:32
ვრცლად
თუ ადამიანს აქვს თავმოყვარეობა, დღეს ტეხავს იყო "ოცნების" მხარეს - პაატა შამუგია

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ფილოსოფოსი, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე შეუერთდა.

ბაქრაძე ამბობს, რომ საზოგადოებას პროტესტი ჯერ კიდევ მაშინ უნდა გამოეთქვა, როდესაც გაირკვა, რომ გავრილოვი სხვა დეპუტატებთან ერთად საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდა.

„გუშინწინ, როდესაც გავიგეთ, რომ გავრილოვის მსგავსი და არა მხოლოდ გავრილოვია აქ მთავარი, ჩამოდიოდა, მაშინვე უნდა გამოსულიყო ხალხი და საზოგადოება და ეთქვა, რომ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოში გავრილოვის მსგავსი ნაძირლები ჩამოდიოდნენ და საერთოდ, ეს რუსული თარეში საქართველოში უნდა დამთავრდეს ერთხელ და საბოლოოდ და არანაირი ერთმორწმუნეობა ამას არ ამართლებს.

პარლამენტთან ასევე, იმყოფება მწერალი პაატა შამუგია, რომელიც აქციაზე მისვლის მიზეზებს განმარტავს. მისი თქმით, ღირსების შემლახველი იყო რუსი დეპუტატების თბილისში ჩამოსვლა.

შამუგიას განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ასევე შეურაცხმყოფელია განსაკუთრებით დღეს, როდესაც მსოფლიო დევნილთა დღეს აღნიშნავს. 

რაც შეეხება მომხდარზე პასუხისმგებლობის დაკისრებას, პაატა შამუგია ამბობს, რომ ხელისუფლების თითოეულმა წევრის როლი იკვეთება დღეს განვითარებულ მოვლენებში.

"ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ხელს შეაწმენდს ერთი-ორ პაიკს, როგორიცაა პაიკი ქუცნაშვილი და პაიკი კობახიძე, მაგრამ მე მგონია, რომ ეს იქნება კიდევ ერთი დიდი ხრიკი, ხაფანგიო, რაშიც გააბამს მოსახლეობას, ვინაიდან და რადგანაც ეს არ გადაწყვეტილა ამ პაიკების დონეზე, ეს არის მაღალ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება და ვფიქროობ, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ წევრს ხელისუფლებისას და თუ ადამიანს აქვს თავმოყვარეობა, დღეს ტეხავს იყო "ოცნების" მხარეს," - განაცხადა შამუგიამ.

აქცია ამ წუთებში პარლამენტის წინ მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობა რუსი დეპუტატების თბილისში ჩამოსვლას აპროტესტებს.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატები გუშინ ჩამოვიდნენ. დღეს, ანტიქართული განწყობის მქონე კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვი ასამბლეის წევრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა.

ამ ფაქტმა საზოგადოების განსაკუთრებული პროტესტი გამოიწვია. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები სხდომათა დარბაზში დემარშით შევიდნენ და რუს დეპუტატებს სხდომის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს.

რამდენიმე საათის წინ კი სერგეი გავრილოვსა და მის კოლეგებს სასტუმროც დაატოვებინეს და აეროპორტში გაძლიერებული დაცვის ესკორტით გადაიყვანეს.

დღის ამბები