აქამდე იყო მინიმუმ კობახიძის გადადგომის მოთხოვნა, ახლა უნდა გადადგეს გახარიაც - ეს განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა.
მისი თქმით, არც პრემიერის განცხადება და არც მმართველი გუნდის სხვა ლიდერების განცხადებები არ იყო ლოგიკური და ადეკვატური.
„ამ პროტესტის საპასუხოდ ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ არავინ აპირებს პასუხისმგებლობა აიღოს და არავინ აპირებს გადადგეს მაინც. როდესაც ასეთი სამარცხვინო რაღაც მოხდება, პოლიტიკური ფიგურა პასუხს აგებს იმისთვის, რომ განიმუხტოს ვითარება და სტანდარტი დამყარდეს, რომ უფასოდ ასეთი რამ ვეღარ მოხდება,"-აცხადებს ბოკერია.
მისი თქმით, ხელისუფლებამ აჩვენა რომ პანიკაშია, რადგან როცა ოპოზიციასთან ხელისუფლების დიალოგი დაიგეგმა, პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
"როდესაც არის პერსპექტივა დიალოგის და ამ დროს იწყება სროლა რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის, ვინ დგამს მაშინ ნაბიჯებს არანორმალური ვითარებისკენ, ეს არის ივანიშვილის გუნდი, რომელიც არის ისტერიკაში.
ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გავრილოვის გამო არის მძიმე პოლიტიკური ნაბიჯი და ამას უნდა მოჰყვეს გახარიას გადადგომაც,"-ამბობს ბოკერია.
ბოკერიას თქმით, ყველას იმ პირს ვინც ჯერ საქართველოში შემოიყვანა რუსი პოლიტიკოსები და შემდეგ დაგეგმა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება პასუხისმგებელია მიმდინარე მოვლენებზე. მისი თქმით, ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთეს ვითარების რადიკალიზაციისთვის.