18 აპრილი 2024,   04:27
ვრცლად
აქციაზე დარბევის დროს ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, მათ შორის ერთი "რუსთავი 2-ის" თანამშრომელია

აქციის დარბევის დროს დაშავებულები ამ დრომდე სხვადასხვა კლინიკაში არიან მოთავსებული. სპეცრაზმი მათ დამიზნებით ესროდა სახესა და თავში. ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა. ერთ-ერთი "რუთავი 2-ის" თანამშრომელი გიორგი სულაშვილია. მძიმე ოპერაციის შემდეგ ექიმებმა მხედველობის შენარჩუნება ვერ შეძლეს.

მან თვალი დაკარგა და ჩამტვრეული აქვს სახის ყბის ძვლები. ტყვია დამიზნებით ესროლეს პირდაპირი ჩართვის დროს თამარ ბაღაშვილს. მას მხრის მოტეხილობა აქვს. ათობით ტყვია მოხვდა "კურიერის" ოპერატორებს, კლინიკები მთელი ღამე ვერ აუდიოდნენ პაციენტების მიღებას. დაშავებულთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ხელისუფლება ამ დრომდე ოფიციალურ მონაცემებს ვერ აქვეყნებს. 

„ჯამში კლინიკებში გადაყვანილი იქნა 240-მდე პაციენტი. მათ შორის 80-მდე პოლიციელი. ამჟამად კლინიკებში რჩება 102 პაციენტი, მათ შორის "ნიუ ჰოსპიტალში" რჩება 18-მდე პაციენტი, რომელთა შორისაც ორ პაციენტთან მოხდა თვალის ენუკლიაცია. ასევე ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ორ პაციენტთან მიმდინარეობს ამჟამად ოპერაცია,“ -განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

ექიმების განცხადებით, ამ დროისთვის უკვე ცხრა ოპერაცია გაკეთდა. აქედან დიდი ნაწილი არის ყბა-სახის დაზიანება და თვალის ოპერაციები. მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ რაოდენობა ოპერაციების კიდევ გაიზარდოს.  პაციენტებს დაზიანებები აღენიშნებათ მუცლის არესა და ქვედა კიდურებშიც.

ჯანდაცვის  მინისტრის მოადგილის განცხადებით უმეტეს შემთხვევაში დაზარალებულ მოქალაქეებს აქვთ ტრავმები სახის არეში. ზაზა ბოხუას ინფორმაციით, ამ წუთებში ორ პაციენტს ოპერაცია უტარდება.

„ორი ოპერაცია ტარდება ტრავმიდან გამოწვეული. ერთი ნეიროქირურგიული არის. მიმდინარეობს ახლა ოპერაცია და ამის შემდგომ გვეცოდინება, რა მდგომარეობა იქნება. ორი შემთხვევა იყო თვალის დაკარგვის,“ - განაცხადა ზაზა ბოხუამ.

​ 

დღის ამბები