რუსთაველზე აქციაზე დაკავებული მონაწილეების სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით დაკავებულთა რაოდენობის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს. არაოფიციალური ინფორმაციით კი, დაკავებულთა რაოდენობა 100 ადამიანს აჭარბებს.
„კურიერმა“ სცადა დაკავებულებთან გასაუბრება, თუმცა პოლიციამ მათ მედიასთან საუბარი აუკრძალა.
დაკავებულების ახლობლების განცხადებით, მათ არ აქვთ ინფორმაცია ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ნაწილმა კი ისიც არ იცის, ნამდვილად დაკავებულია თუ არა მათი ახლობელი.
„გამომძიებელმა დამირეკა დილის 7 საათზე, ფეხზე არ აცვია, მაისური არ აქვს და მოუტანეთო. მაისური შემოხეული ჰქონდა და ფეხსაცმელი დაკარგული, მისი ჯანმრთელობის შესახებ არაფერი ვიცი, ასე თქვაო, რომ ჭყლეტაში მოვყევიო“, - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის დედა.
დემონსტრანტების ახლობლები უკანონო დაკავებებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ სამართალდამცველებს მათი დაჭერის მიზეზი არ ჰქონდათ.
„არაფერს არ აშავებდა, ლაივი ჰქონდა ჩართული 5 წუთით ადრეც, მშვიდად იყო პოლიციელების გარემოცვაში, ალბათ სახეზე არ მოეწონათ მერე“, - აცხადებს დაზარალებულის ახლობელი.
აქციაზე მყოფი აქტივისტების ნაწილი ამ დრომდე დაკარგულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკარგულების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ოჯახის წევრებს გენერალური ინსპექციისთვის მიმართვას ურჩევს.