19 აპრილი 2024,   23:10
ვრცლად
თუ არ დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, მთელი თბილისი გახდება კარვების ქალაქი - სალომე ბარკერი

„თუ არ დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, მთელი თბილისი გახდება კარვების ქალაქი,“ - ეს განცხადება, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილემ, სალომე ბარკერმა გააკეთა.

ბარკერის შეფასებით, მთავრობას ყველაზე მეტად საზოგადოების პროტესტის ეშინია, მათ შორის, კარვების.

„ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ყველაზე მეტად რისიც ეშინია ხელისუფლებას, ეს არის კარვები. თუ არ დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს, რუსთაველი და მთელი თბილისი გახდება კარვების ქალაქი და მერე ჩაატარონ არჩევნები კარვების ქალაქში,“ - განაცხადა სალომე ბარკერმა.

პარლამენტის წინ შეკრებილების მთავარი მოთხოვნაა, რომ გადადგეს შს მინისტრი და ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სახით.

საზოგადოების საპროტესტო მუხტი რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას, საკანონმდებლო ორგანოში მისვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას მოჰყვა.

მოსახლეობა ითხოვდა, რომ რუს დეპუტატს, გავრილოვს საქართველო დაუყოვნებლივ დაეტოვებინა და მის საქართველოში შემოყვანასთან დაკავშირებით კონკრეტულ პირებს პასუხისმგებლობა აეღო, მათ შორის, ირაკლი კობახიძეს, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს.

აქცია პარლამენტის წინ მიმდინარეობდა, სადაც დიდი ოდენობით სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები. ღამით კი სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რა დროსაც პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, მოგვიანების წყლის ჭავლით სცადეს მომიტინგეების დაშლა.

შეტაკებების დროს დაშავდა ათეულობით მოქალაქე, მათ შორის, სამართალდამცავებიც. ამ დროისთვის დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

დღის ამბები