12 ნოემბერი 2019,   20:59
ვრცლად
აქცია და სისხლიანი დაპირისპირება პარლამენტთან - დაკავებულია 305 ადამიანი

305 ადამიანს თავისუფლება შსს-მ შეუზღუდა. „ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეებს, რომლებიც ოკუპაციას აპროტესტებდნენ სისხლიანი დარბევა არ აკმარა, ახლა ხალხს ციხეში უშვებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის ბოლომდე არ ასაჯაროვებდა დაკავებულთა რიცხვს.

დაკავებულთა შორისაა საბჭოთა წარსულის ლაბორატორიის მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი, რომელსაც სასამართლომ 9-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ხვადაგიანი ამტკიცებს, რომ პოლიციელებმა დაკავების დროს სცემეს. ამის დამამტკიცებელი ფოტომასალა მან საკუთარ სოციალურ ქსელშიც განათავსა.

ხვადაგიანის დასაცავად დღეს სასამართლოში იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, პოლიტიკოსები და ცნობილი სახეები მივიდნენ. მათი ინფორმაციით, მოსამართლემ მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე ხვადაგიანს პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულები იხსენებდნენ, რომ საგანგებო დავალებათა სამსახური და კრიმინალური პოლიცია აქციაზე აპატიმრებდა ყველას, ვინც ხელში მოხვდებოდათ და მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.

სასამართლოს დერეფნებში კი ხალხი მათი ოჯახის დაკარგული წევრებს ეძებდა, პოლიციამ აქციის მონაწილეები ისე დააპატიმრა, რომ ოჯახის წევრებისთვის არ დაურეკავთ და არც უთქვამთ, რომ სად იყვნენ 20 ივნისის სისხლიან ღამეს დაკარგულები.

9 მოსამართლე ერთმანეთის პარალელურად დღეს აქციის მონაწილეების საქმეების განიხილავდა. ყველას ერთმანეთის მიყოლებით ციხეში 15 დღით უშვებდა.

სასამართლომ დღეს პატიმრობა 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ადვოკატ ბექა ბასილაიასაც. მისი უფლებების დამცველების განცხადებით, სხდომა დარღვევებით მიმდინარეობდა, არ არსებობდნენ მოწმეები და მტკიცებულებები. ბექა ბასილაია სასამართლოს დარბაზიდან იზოლატორში გადაიყვანეს.

მოსამართლეებმა დღეს მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი დაუშვეს. სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს 2 არასრულწლოვანი და განსაკუთრებით მძიმე ჯანმრთელობის მქონე რამდენიმე პირი.

დაკავებულთა შორის იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც. სამართალდამცავებმა დააკავეს „გირჩის“ 3 და „გამარჯვებული საქართველოს“ 2 წევრი. პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ დანაშაულის აღიარების მოთხოვნით პოლიცია დაკავებულებზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა.

მთელი დღის განმავლობაში სასამართლო სხდომებს მონიტორინგს სახალხო დამცველის აპარატი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უწევდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები