19 აპრილი 2024,   07:54
ვრცლად
არ ხდებოდა მტკიცებულებების სათანადოდ გამოკვლევა - ომბუდსმენი აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესებს აფასებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთაველის აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გრძელდება. სასამართლო სხდომებს მონიტორინგს უწევს სახალხო დამცველის აპარატი და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია".

სასამართლო განხილვები გუშინ დილის 10:00 საათზე დაიწყო და ათმა მოსამართლემ უპრეცედენტო რაოდენობის სხდომა ჩაატარა. სახალხო დამცველის განცხადებით, სასამართლო განხილვები დარღვევებით მიმდინარეობდა და დაკავებულებს შაბლონურად, მტკიცებულებების შესწავლის გარეშე პატიმრობას უფარდებდნენ.

„დღის პირველ ნახევარში, რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით, ეფარდებოდათ პირებს პატიმრობა ადმინისტრაციული სანქციის სახით. ხარვეზები გამოიკვეთა პროცესის მიმდინარეობისას, დაჩქარებული იყო პროცესები, არ ხდებოდა მტკიცებულებების სათანადოდ გამოკვლევა. პროცესის საჯაროობასაც ექმნებოდა საფრთხე იმიტომ, რომ ხმა არ ისმოდა. თუმცა უკვე საღამოსთვის ვითარება შეიცვალა, როგორც მეუბნებიან და მეც ვესწრებოდი პროცესებს. სასამართლო უკვე შენიშვნებს უცხადებს დაკავებულებს. სავარაუდოდ, ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული იმ განცხადებებთან, რაც გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაციებმა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სასამართლო სხდომებს მონიტორინგს უწევს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც". სწორედ მათი მწვავე განცხადების გამოქვეყნების შემდეგ შეიცვალა სასამართლოს გადაწყვეტილებები და სხდომის მიმდინარეობა.

„300-ზე მეტი ადამიანია დაკავებული მთლიანობაში. გარდა ამისა წინასწარი დაკავების იზოლატორები გადავსებულია პრაქტიკულად. ღიად დავიწყეთ საუბარი, რომ სასამართლო პროცესები ეს იყო ფორმალური მხარე. გარდა ამისა, მე არ გამოვრიცხავ, რომ სასამართლოში და მმართველ პარტიაშიც ეს იყო უკმაყოფილების საგანი, იმიტომ რომ მე მქონდა დღეს საშუალება მესაუბრა მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან და მე მათ ღიად ვუთხარი, რომ სასამართლო ძალიან სწრაფად კონვეინური წესით იღებდა გადაწყვეტილებებს და ეს ძალიან ჰგავდა 2011 წლის  26 მაისის სასამართლო სხდომებს“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

ოფიციალური ინფორმაციით, 20 ივნისის ღამეს სამართალდამცველებმა 305 მოქალაქე დააკავეს. თუმცა არაოფიციალურად მათი რიცხვი 500-ია. მათი ნაწილი წინასწარი დაკავების იზოლატორებში რჩება და სასამართლო განხილვებს ელოდება.

დღის ამბები