19 აპრილი 2024,   04:45
ვრცლად
ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის დამზადების საქმეზე დაკავებულ გიორგი წიქარიძეს პატიმრობა შეეფარდა

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის დამზადების საქმეზე დაკავებულ გიორგი წიქარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ბრალდებულის განცხადებით, მას ნამდვილად ჰქონდა სახლში ბენზინით სავსე ბოთლები, თუმცა მან აღნიშნა, რომ საწვავი მას სახლში იმ დროიდან აქვს, რაც ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს. ის აქციასთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს. მისივე თქმით, მის მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა. სავარაუდოდ, პროკურატურის წარმომადგენლები მას სთხოვდნენ, დაესახელებინა ის ადამიანები, ვინც ავალებდნენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადებას და აქციაზე მიტანას. სანაცვლოდ კი ჰპირდებოდნენ სასჯელის შემსუბუქებას.

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, საქმეში ფიგურირებს მოწმე გოჩა კოკაია, რომელიც, ოპერატიული მასალების მიხედვით, ფაქტის თანამონაწილეა.

„ოპერატორიული ინფორმაცია ასეთი სახით  არის, რომ ეს იყო ვიღაც გოჩა კოკაია და გიორგი წიქარიძე, რომელსაც ჰქონდათ საშიში ფეთქებადი ნივთიერება. სინამდვილეში გოჩა კოკაია დღეს არის მოწმის სახით და დაკავებული გვყავს მხოლოდ გიორგი წიქარიძე. კოკაია აცხადებს ასეთ რაღაცას, რომ უცნობი  ზარი შემომივიდაო, მე უკვე მოვდიოდი აქციიდანო. მე მეგონიაო, რომ ერთ-ერთი აქტივისტი მირეკავდაო და ვუპასუხეო და მითხრა, გიორგი ვარო და ფეხით მიმაქვსო ეს ნივთიერებაო,“ - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, გიორგი წიქარიძის დაკავება მაშინ მოხდა, როცა ის ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გამოყენებას გეგმავდა. პროკურორის თქმით, არსებობს აუდიომტკიცებულება და ასევე ნივთმტკიცებულებები.

„საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, საიდანაც ამოღებულია აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებები, მათი დასამზადებელი მასალა. ასევე წარმოდგენილია მტკიცებულება, რომლის მიხედვით, იგი ესაუბრება სხვა პირს, სადაც ჩანს დანაშაულებრივი კავშირი სხვა ადამიანთან. აღნიშნულ საუბარში ჩანს, რომ ბრალდებულს აქვს დანაშაულებრივი კავშირი და საუბრიდან ასევე ჩანს, რომ აღნიშნული ნივთები უნდა გადაეტანა სწორედ მითითებულ ადგილზე,“ - განაცხადა საქმის პროკურორმა.

რატომ არ მოხდა ბრალის წარდგენა გოჩა კოკაიასთვის დანაშაულის დაფარვის გამო, ამ კითხვაზე პროკურორი არ საუბრობს.  

წიქარიძის აყვანა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა. 

აღნიშნულ საქმეზე გამოძიებამ გამოკითხვაზე დაიბარა ოპოზიციის წევრები, მათ შორის: ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა მელია და გიგი უგულავაა. არც ერთი მათგანი საგამოძიებო ორგანოში მისვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ ჩვენებას მხოლოდ მაგისტრ მოსამართლეს მისცემს. 

დღის ამბები