24 აპრილი 2024,   17:37
ვრცლად
მიგვიმწყვდიეს, გვცემეს და გადაგვაგზავნეს პოლიციის განყოფილებაში - ირაკლი ხვადაგიანი

20 ივნისის აქციის დარბევის დროს დაკავებულის, ირაკლი ხვადაგიანის და კიდევ ორი პირის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქოს გადაწყვეტილება სამართალდარღვევის ნაწილში, თუმცა პატიმრობის ვადა შეუმცირა და სამივე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ისტორიკოსი და საბჭოთა ლაბორატორიის მკვლევარი "P.S-ში" იმ წუთებს იხსენებს, როდესაც მისი დაკავება მოხდა. როგორც ხვადაგიანი ამბობს, სამართალდამაცველებმა ისინი კედელთან მიიმწყვდიეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

„დილის 4-დან 5 საათამდე, უკანასკნელ მომენტში, როცა უკვე საბოლოო ნაშთების დარბევა მოხდა დემონსტრაციის, იმ მომენტში დემონსტრანტების ნაწილთან ერთად ვიყავით რესპუბლიკის მოედნის წინ, როდესაც უეცრად, ქვეითმა ნაწილებმა პოლიციის დაიწყეს შეტევა დემონსტრანტებზე და დაპატიმრება და ცემა მათი და მე და ჩემი ძმა, ერთ-ერთი პირველი აღმოვჩნდით მათ ხელში. მიგვიმწყვდიეს სახლის კედელთან, გვცემეს სიტყვიერი შეურაცხყოფით და შემდეგ უკვე გადაგვაგზავნეს პოლიციის განყოფილებაში. ბრალდება იყო აბსოლუტურად სტანდარტული, 99%-ის ამ აქციის ღამეს დაკავებულების. ეს იყო წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის მოთხოვნების დაუმორჩილებლობა. რაც, თავისთავად აბსურდულია, ეს იყო ქოფიფეისთით გადატანილი ყველა დაკავების ოქმში, ყოველგვარი მტკიცებულებების და რეალური საფუძვლის გარეშე,“ - განაცხადა ირაკლი ხვადაგიანმა.

ხვადაგიანმა სასამართლო პროცესზე ლევან მურუსიძეს სიტყვით მიმართა. როგორც ისტორიკოსი ამბობს, მისთვის ლევან მურუსიძე უსამართლობის და მორჩილების სახეა.

„დარბაზში შესვლის მომენტიდან, ბედის ირონიაა, რომ მაინცდამაინც ლევან მურუსიძესთან აღმოვჩნდით და მე ყოველგვარი სურვილი დამეკარგა, რომ ადვოკატის პოზიციის წარმოდგენის შემდეგ, მე მელაპარაკა და ჩემი თავი მემართლებინა ადამიანის წინაშე, რომელიც, სამწუხაროდ, არის უსამართლობის, სასამართლო მონობის და ხელისუფლებისადმი უსიტყვო მორჩილების სახე. ნამდვილად ესეც ვთქვი და ვიმეორებ, რომ არ მინდოდა, ჩემი გამამართლებელი განაჩენი ყოფილიყო ხელმოწერილი ამ მოსამართლის მიერ. ასე თუ ისე, ორივე მხარე კმაყოფილი დავრჩით იმიტომ, რომ მე სამართალდამრღვევად ჩავითვალე და გათავისუფლების აქტს არ აქვს ლევან მურუსიძის ხელმოწერა,“ - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

დღის ამბები