20 აგვისტო 2019,   08:17
ვრცლად
გახარია, გიხარია? - შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

„აუცილებლად უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული, როგორც მინისტრი გახარია, ასევე ის პოლიციელი, ვინც 20 ივნისის ღამეს გადაამეტა თავის უფლებამოსილებას,“ - ეს განცხადება შსს-სთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გააკეთა.

გახარია, გიხარია? - ამ ტრანსფარანტებით მივიდნენ აქციის მონაწილეები შსს-ს შენობასთან. საგამოძიებო უწყებასთან მისული მოქალაქეები შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. მათი თქმით, ბრძოლას მანამ არ შეწყვეტენ, სანამ მათი მთავარი მოთხოვნები არ შესრულდება.

მოქალაქეების განცხადებით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ გადადგეს გახარია და დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებმაც ძალაუფლებას გადააჭარბეს.

„უნდა იქნეს გადაყენებული მინისტრი გახარია თანამდებობიდან და აუცილებლად უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული, როგორც მინისტრი გახარია, ასევე ის პოლიციელი, ვინც 20 ივნისის ღამეს გადაამეტა თავის უფლებამოსილებას,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

რაც შეეხება, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს, თუმცა, ნულპროცენტიანი ბარიერით, ამას აქციის მონაწილეები კრიტიკულად აფასებენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ გზით ივანიშვილი შექმნის პატარა პარტიებს, რომელსაც პარლამენტში შეიყვანს, შემდეგ კი კვლავ უმრავლესობაში დარჩება.

„ეს არის თაღლითური სქემა, რომელსაც ივანიშვილი ვერ განახორციელებს,“ - ამბობს აქციის მონაწილე.

დღის ამბები