25 აპრილი 2024,   03:51
ვრცლად
ბრძოლა არ დამთავრებულა, გიორგი გახარია უნდა გადადგეს - გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას  ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, 2020 წელს არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ეს არის ყველა იმ ადამიანის მიღწევა, რომელიც ქუჩაში დგას თავისუფლებისთვის. ვაშაძის თქმით იმისთვის, რომ მიღწეული იქნას საბოლოო გამარჯვება, საჭიროა რამდენიმე მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და მათგან უმთავრესი გახარიას გადადგომაა.

„გვინდა აღვნიშნოთ, რომ ის, რაც დღეს მოხდა ეს არის მთლიანად ქართული საზოგადოების, ყველა საქართველოს მოქალაქის, პატრიოტი თავისუფლების მოყვარული ახალგაზრდების და კონსოლიდირებული ოპოზიციის ბრძოლის შედეგი. მაგრამ ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველოს გადაიქცეს სრულფასოვან, დასავლურ სტანდარტებთან შესაბამის დემოკრატიად ჯერ არ დამთავრებულა. ამისთვის არის გადასადგმელი სასწრაფო რამდენიმე ნაბიჯი. უპირველესყოვლისა თანამდებობიდან უნდა გადადგეს შს მინისტრი, რომელმაც გაბედა და ხელი აღმართა საქართველოს მოქალაქეებზე და ახალგაზრდებზე. რომელმაც თავისივე პრემიერის გაფრთხილება დაარღვია და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, გამოიყენა სპეცსაშუალებები თან ისე, რომ ამან იმ წუთსავე შეუქმნა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხლე. გახარიას პირობებში ნორმალური არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.

"მეორე: აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ყველა დაკავებული, რომელსაც სრულად დაჩქარებული სტალინისტური მეთოდებით 12-15 დღემდე პატიმრობა შეუფარდეს;

"მესამე : აუცილებელია დაისაჯოს ყველა ის თანამდებობის პირი, რომელმაც ხელი აღმართა ქართულ საზოგადოებაზე;

"მეოთხე: სასწრაფოდ დასაწყებია პროცესები იმისთვის, რომ ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი იქნას ცვლილებები,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

დღის ამბები